20/01/2022
⚖️”KO’LAWYERS”-ის ადვოკატ ოთარ ხუციშვილის კიდევ ერთი წარმატებული და პრეცედენტული საქმე
⚖️ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმ. საქმეთა კოლეგიის 30.09.21 და 17.11.21 წლის განჩინებები. სასამართლომ საქმე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, მოსარჩელის შუამდგომლობაზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ვრცლად 🔻
🔹საქმის რეზიუმე
საქმე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება
მხარეები: მესამე პირი, (საჩივრის ავტორი): შპს „ა--“
მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოსარჩელე: ზ.დ
🔹ფაქტობრივი გარემოებანი:
1. 2021 წლის 29 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართ ზ.დ-მ, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლითაც საკადასტრო კოდზე N… განხორციელდა ინვესტორ შპს „ა--“-თვის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2. ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალოს საკადასტრო კოდზე N… რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ამავე კოდზე არსებულ ყველა ინდივიდუალურ ერთეულზე რეგისტრირებულ მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების მიღება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის ზ.დ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა.
🔹პროცედურული ისტორია:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის ზ.დ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე 2021 წლის 25 ოქტომბერს საჩივარი წარადგინა ინვესტორ შპს „ა--“-ს წარმომადგენელმა, „KO’LAWYERS”-ის ადვოკატმა, ოთარ ხუციშვილმა. მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება ყველა სხვა ფართზე, გარდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ა--“-თვის მიკუთვნებული ფართებისა. 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატას;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილსიის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის და 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებები და საქმე მოსარჩელე ზ.დ-ს შუამდგომლობაზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
🔹სამართლებრივი საკითხები:
1. შესაძლებელია თუ არა უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება მთლიან საკადასტრო ერთეულზე, როდესაც მოსარჩელე ამხანაგობასთან რამდენიმე ბინაზე დავობს.
2. შესაძლებელია თუ არა აკრძალვის გავრცელება იმ ბინებზე, რომელზეც საკუთების უფლება ინვესტორ შპს „ა--“-ს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აქვს მოპოვებული და ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნა არსებობს ამხანაგობის და არა შპს „ა--“ მიმართ.
🔹სასამართლოს გადაწყვეტილება და დასაბუთება:
თბილისის საქალაქო სასამართლო:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ზ.დ-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა საკადასტრო კოდზე N… რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ამავე კოდზე არსებულ ყველა ინდივიდუალურ ერთეულზე რეგისტრირებულ მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების მიღება.
2. სასამართლომ განჩინება მხოლოდ იმ გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნილი ზომით გამოუყენებლობა საფრთხეს შეუქმნიდა მოცემულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე 2021 წლის 25 ოქტომბერს საჩივარი წარადგინა ინვესტორ შპს „ა--“-ს წარმომადგენელმა, „KO’LAWYERS”-ის ადვოკატმა, ოთარ ხუციშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება ყველა სხვა ფართზე, გარდა სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ა--“-თვის მიკუთვნებული ფართებისა.
4. საჩივარში მითითებული იქნა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი, სადაც ის ითხოვს ამხანაგობისთვის თანხის დაკისრებას და არა ფართებს. ცალსახაა, რომ მოთხოვნა არსებობს ამხანაგობის და არა ინვესტორ შპს „ა--“-ს მიმართ. ამასთანავე, მოსარჩელემ სარჩელით სწორედ ის აქტები გაასაჩივრა, რომლიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა მიღებული. აღნიშნული აქტების მიღება ინვესტორ შპს „ა--“-თვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპოვებული საკუთრების უფლების რეგისტრაციას ემსახურებოდა.
5. მოსარჩელე ამხანაგობასთან დავობს რამდენიმე ბინაზე, რომელიც სამ სართულზეა განთავსებული, სასამართლოს განჩინებით კი, აკრძალვა გავრცელდა მთლიან საკადასტრო ერთეულზე. აკრძალვა გავრცელდა მათ შორის იმ უძრავ ქონებაზეც, რომელზეც საკუთრების უფლება ინვესტორმა შპს „ა--“-მ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოიპოვა.
6. 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატას;
🔹სააპელაციო სასამართლო:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილსიის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის და 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებები და საქმე მოსარჩელე ზდ-ს შუამდგომლობაზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ინვესტორ შპს „ა--“-ს საჩივარი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის მოცულობასა და უზრუნველყოფის ღონისძიებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის დადგენილი შეზღუდვის არათანაფარდობას ემყარება.
3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე გააკეთა დასკვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის და შპს „ა--“ საჩივრის დაუსაბუთებლობის შესახებ, რომ მხედველობაში არ მიიღო საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი კუთხით სათანადოდ არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ გაამახვილა ყურადღება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე. კერძოდ, პროცესის მონაწილეებისთვის ისევე როგორც საზოგადოებისთვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ აქტებში მითითებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით დასადგენია მოსარჩელის უფლების არსებობა, სადავო უძრავი ქონებები საჭიროებს იდენთიფიკაცის. ამასთანავე, სარჩელის უზრუნევლყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის იურიდიული ინტერესი, რაც მოსარჩელეს გააჩნია და სარჩელის პერსპექტივიდან იმსჯელოს გამოსაყენებელი უზრუნევლყოფის ღონისძიების პროპორციულობასა და რელევანტურობაზე.
🔹შენიშვნები საქმეთან დაკავშირებით
1. სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.
2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი კუთხით სათანადოდ არ არის დასაბუთებული. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები. მოსარჩელე ამხანაგობასთან დავობს რამდენიმე ბინაზე, რომელიც სამ სართულზეა განთავსებული, სასამართლოს განჩინებით კი, აკრძალვა გავრცელდა მთლიან საკადასტრო ერთეულზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება მოთხოვნის პროპორციული უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს.
3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისიწნებით. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, უსაფუძვლოდ არ უნდა იზღუდებოდეს მოწინააღმდეგე მხარის და სხვა მესამე პირების ინტერესები.
4. წარმოუდგენელია საქმეში არსებობდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეუშალოს იმავე სასამართლოს სხვა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებამ.
5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უზრუნვეყოფის ღონისძიება, რომლითაც საფრთხის ქვეშ არ დადგებოდა უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამასთან მოინახებოდა ბალანსი, რათა დაცული ყოფილიყო მოსარჩელის ინტერესებიც.
#პრეცედენტი