25/05/2021
იძულებითი აღსრულება (ყადაღა / ინკასო )
ყადაღა გულისხმობს მოვალის როგორც უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ისე მოთხოვნებზე ყადაღის დადებას. მესაკუთრეს ეკრძალება დაყადაღებული ქონების განკარგვა - ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა გარიგება ჩაითვლება ბათილად. დაყადაღების შემდეგ ხდება ქონების რეალიზაცია. ქონების დაყადაღების გარდა, აღმასრულებელი საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებასაც მიმართავს იქ არსებული მოვალის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ყადაღის დადება შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე, იქნება ეს სახელფასო, საპენსიო, საკრედიტო, საანაბრე თუ სხვა ნებისმიერი სახის ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშებს შეეხება შეზღუდვა - მათზე განთავსებული თანხა სრულად ან ნაწილობრივ დაიბლოკება და მის გამოყენებას ვერ შეძლებთ.
აღმასრულებელი ასევე უფლებამოსილია, ფულადი მოთხოვნის იძულებითი გადახდევინება მოვალის საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალების საფუძველზე მოახდინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ანგარიშზე, რომელზეც ინკასო ვრცელდება, თანხის შეტანა/ჩარიცხვა დაფიქსირდება, საინკასო დავალების საფუძველზე ანგარიშიდან თანხა ჩამოიჭრება და მიიმართება იმ დავალიანების დასაფარად, რის გამოც მოხდა ანგარიშებზე ინკასოს გავრცელება.
უძრავი ქონების რეალიზაციისას მიღებული თანხა სრულად ხმარდება სესხის გამცემის მიმართ თქვენი დავალიანების დაფარვას. ამასთან, თუ უზრუნველყოფის რეალიზაციიდან მიღებული თანხა დავალიანებას სრულად არ დაფარავს, სესხის გამცემ ორგანიზაციას დარჩენილი თანხის დაფარვაც შეუძლია მოითხოვოს. მეორე მხრივ, თუ უზრუნველყოფის რეალიზაციიდან მიღებული თანხა აღემატება დავალიანების მოცულობას, სხვაობა უზრუნველყოფის მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს. ანალოგიურად ხდება უზრუნველყოფაში არსებული მოძრავი ქონების შემთხვევაშიც. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა სესხის გაცემა მოხდა ფიზიკური პირზე მისი გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე (ძირითადად, სალომბარდე სესხების შემთხვევაში). აღნიშნული გამონაკლისის პირობებით, უზრუნველყოფაში არსებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, უზრუნველყოფის რეალიზაციიდან მიღებული თანხა დავალიანების სრულად დასაფარად საკმარისია თუ არა, კრედიტორს საკრედიტო მოთხოვნის უფლება აღარ აქვს.
📞558 69 97 31