15/03/2021
⚖⚖ უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება საქმეზე ას-1037-995-2014. ❗
🟩განაჩენით მსჯავრდებულ პირთან ერთად ნოტარიუსის სოლიდარული პასუხისმგებლობა შეიძლება, დადგეს სსკ-ის 463-ე მუხლის (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) და არა ამავე კოდექსის 998-ე მუხლის (1.თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. 2.ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) საფუძველზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 998-ე მუხლი, ვინაიდან რამდენიმე პირის მიერ მიყენებული ზიანისათვის დელიქტური სამართლით გათვალისწინებული სოლიდარული პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც ზიანის მიმყენებლები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით ანუ, როდესაც იკვეთება განზრახი თანამონაწილეობა. სოლიდარული პასუხისმგებლობის წინაპირობა ზიანის მიყენებაში დანაშაულებრივი თანამონაწილეობაა (შდრ. სუსგ ას-937-880-2012, 13.12.2012წ.). შესაბამისად, იმ პირთა მიმართ, რომლებმაც, მართალია, გამოიწვიეს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, თუმცა არ ჰქონდათ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სხვასთან ერთად ჩადენის ან მისი ხელშეწყობის ნება და არც შეგნებულად არ უსარგებლიათ სხვისთვის მიყენებული ზიანით, სსკ-ის 998-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული პასუხისმგებლობა არ დგება.
🟩მოცემულ შემთხვევაში, ნოტარიუსის ქმედებაში სსკ-ის 998-ე მუხლის წინაპირობების არსებობა არ იკვეთება, თუმცა, თუ სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ნოტარიუსის სოლიდარული პასუხისმგებლობა ანაზღაურებაზე ვალდებული პირების სიმრავლით იქნება გამოწვეული, რაც სსკ-ის 463-ე და 464-ე მუხლების დანაწესით განისაზღვრება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ნოტარიუსისგან მოითხოვენ. მოსარჩელეთა ეს მოთხოვნა სსკ-ის 465-ე მუხლიდან (კრედიტორს შეუძლია, თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე - ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება) გამომდინარეობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წილადი ვალდებულებისაგან განსხვავებით, თითოეული სოლიდარული მოვალე მთლიანი ვალდებულების შესრულებაზეა პასუხისმგებელი, რის გამოც კრედიტორის წინაშე პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისათვის სოლიდარულ მოვალეთა ბრალის ხარისხსა და სიმძიმეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამ გარემოებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს სოლიდარულ მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობაზე სსკ-ის 473-ე მუხლით (მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. როდესაც შეუძლებელია მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრა, ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ თანაბარი წილით) გათვალისწინებულ უკუმოთხოვნათა უფლების რეალიზაციისას.