18/02/2014
ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ინტერნეტის გარეშე?
ვერც გერმანიის უზენაეს სასამართლოს.
Bundesgerichtshof-ის თქმით, ინტერნეტი ისეთივე აუცილებელია ყოველდღიურობაში, როგორც ტელეფონი, ამიტომ მომწოდებელმა უნდა აუნაზღაუროს მომხმარებელს მისი არქონით გამოწვეული ზიანი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და მომხმარებელმა, რომელსაც პროვაიდერის შეცდომით დაახლოებით ორი თვე არ ჰქონდა ინტერნეტი, უნდა მიიღოს კომპენსაცია.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას DSL, IP-ფაქსის და VoLP-ტელეფონის არქონისთვის, მაგრამ ფედერალურმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ DSL-ის არქონისთვის უნდა მომხდარიყო ზიანის ანაზღაურება, ხოლო IP-ფაქსსა და VoLP-ტელეფონზე განაცხადა, რომ პირველი იძლევა მხოლოდ ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ინფორმაციის გადაგზავნის საშუალებას და თანდათან ხდება მისი ჩანაცვლება ახალი ტექნოლოგიებით, მაგ.: ელ. ფოსტით, ხოლო მეორის შესახებ აღნიშნა, რომ, თუმცა სატელეფონო კავშირი მნიშვნელოვანი სიკეთეა, მოსარჩელეს ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომლითაც შეეძლო სარგებლობა.
გერმანული სასამართლოს აზრით, ინტერნეტი არის მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელიც იძლევა ინფორმაციის ტექსტის, სურათის, ვიდეო ან აუდიო ფაილის სახით მიღების შესაძლებლობას. იგი მოიცავს ყველა სფეროს, გართობიდან სამეცნიერო თემებადმდე, ხოლო ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, ინტერნეტი თანდათან ანაცვლებს ინფორმაციის მიღების ისეთ ტრადიციულ საშუალებებს, როგორებიცაა ენციკლოპედიები, ჟურნალები და ტელევიზია. და ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია, ინტერნეტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება კომერციაში, ხელშეკრულებების მოლაპარაკებისა და გაფორმებისთვის, ასევე მომსახურების გასაწევად.