15/10/2025
მოგესალმებით ადვოკატებო, ძვირფასო კოლეგებო!
2005 წლიდან ვარ ადვოკატი და ამ წლების განმავლობაში ჩემი მთავარი მიზანი, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობის აღდგენაა.
ჩემი 20-წლიანი აქტიური საადვოკატო საქმიანობის შემდეგ, ჩემს გუნდთან ერთად გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში.
ჩვენთვის ამ ნაბიჯის გადადგმის მთავარი მოტივაცია, ჩვენს პროფესიაში არსებული გამოწვევები და სისტემური პრობლემებია, რომლებიც ადვოკატთა საზოგადოების სრულფასოვან განვითარებას აფერხებს, კერძოდ:
• ფინანსების გაუმჭვირვალობა და არამიზნობრივი ხარჯვა;
• ასოციაციის სტრუქტურული დანაყოფების ფორმალური ხასიათი, რომლებიც სრულად ემორჩილება მმართველ მცირერიცხოვან გუნდს და არ ფუნქციონირებს ადვოკატთა ინტერესების შესაბამისად;
• ასოციაციაში ე.წ. „პრივილეგირებული ადვოკატების“ წრის არსებობა, რომლებიც სარგებლობენ უპირატესობებით;
• წლების განმავლობაში ადვოკატის პროფესიული საქმიანობა არ გაუმჯობესებულა.
მე და ჩემი გუნდი გთავაზობთ რეალურ სამოქმედო გეგმას, რომელიც ემსახურება ადვოკატთა პროფესიის გაძლიერებას, პროფესიული უფლებების დაცვასა და თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ, ერთად გადავლახოთ ყველა ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ადვოკატთა კორპუსის სწრაფ განვითარებას.
ჩემს გუნდთან ერთად გთავაზობთ:
▫️ პროფესიული საქმიანობის გამარტივება და ტექნოლოგიური განვითარება:
• ელექტრონული სისტემის შექმნა, რომელიც დაუყოვნებლივ ასახავს პირის დაკავების, გამოძიების ან სასამართლო პროცესზე გადაყვანის შესახებ ინფორმაციას;
• ელექტრონული პორტალი, რომლის მეშვეობითაც ადვოკატებს ექნებათ წვდომა ბრალდებულების/მსჯავრდებულების პენიტენციურ დაწესებულებებში გადაადგილების, მათ შორის, კლინიკაში ან/და სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ;
• ადვოკატის ვიზიტის დაჯავშნის სისტემის გავრცელება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში;
• ვიდეოჩართვის სისტემის დანერგვა ადვოკატსა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირს შორის;
• უფასო ელექტრონული პორტალის გაფართოება პირველი ინსტანციის ყველა სასამართლოში, აპელაციისა და საკასაციო ინსტანციებში;
• ,,საკანონმდებლო მაცნე“-ზე უფასო წვდომა ყველა ადვოკატისთვის;
• უწყვეტი განათლების რეფორმა - პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგ-მოდულების დახვეწა და გაუმჯობესება.
▫️ პროფესიული განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა:
• საერთაშორისო ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან მემორანდუმის გაფორმება ექსპერტიზის დასკვნების შედგენისა და საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტის პროცესზე მოწვევის თაობაზე;
• მსოფლიოს წამყვან ადვოკატთა ასოციაციებთან მემორანდუმის გაფორმება ადვოკატებისთვის უახლესი და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, გაცვლითი პროგრამებისა და სტაჟირებების ხელშეწყობის მიზნით;
• პრივილეგიების აღმოფხვრა — საერთაშორისო ვიზიტებსა და ქვეყნის შიგნით დაორგანიზებულ ნებისმიერ ღონისძიებაზე წამსვლელ ადვოკატთა კონკურსის წესით შერჩევა.
▫️ უფლებების დაცვა და სოციალური გარანტიები:
• ადვოკატთა ასოციაციაში 24/7-ზე მომუშავე ცხელი ხაზის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება ადვოკატის პროფესიულ საჭიროებებსა და უფლებების დაცვაზე;
• დაზღვევის სრული პაკეტი ადვოკატთა ასოციაციის ხარჯით;
• სახელმწიფო პენსია;
• ადვოკატის სტაჟის გათვალისწინებით იარაღის ტარების უფლება;
• სწრაფი რეაგირების ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს ადვოკატის უფლებების დაცვაზე.
▫️ ფინანსური და სამართლებრივი რეფორმები:
• ადვოკატის დაბეგვრის წესის შემცირება;
• სამოქალაქო საქმეებში ადვოკატის ჰონორარის მინიმალური ზღვარის – 4%-ის გაზრდა 10%-მდე;
• საზოგადოებრივი ადვოკატის ჩამოცილება იმ საქმეებიდან, რომლებზეც უკვე მუშაობენ კერძო ადვოკატები;
• საჯარო სასამართლო სხდომებზე მედია საშუალებების დაბრუნება;
• თბილისსა და რეგიონებში სამუშაო ინფრასტრუქტურის შექმნა, ასოციაციის მიერ ოფისების შეძენა/აშენება და მათი ინვენტარით მოწყობა, სადაც ადვოკატებს უფასოდ შეეძლებათ მუშაობა და კლიენტებთან შეხვედრა;
• სისტემურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნა.
გვჯერა, რომ ადვოკატის პროფესია ღირსებასა და პასუხისმგებლობაზე დგას. ჩვენი მიზანია, ადვოკატთა ასოციაცია იქცეს სივრცედ, სადაც თითოეულ ადვოკატს ექნება განვითარების თანაბარი შესაძლებლობა, დაცული იქნება პროფესიული ღირსება და გაძლიერდება კორპუსის სოლიდარობა.
გახდით ამ ცვლილებების ნაწილი!
ერთად შევძლებთ მეტს!
საარჩევნო პროგრამა სრულად იხილეთ 🔗https://kntn.ly/628f6b7b