26/08/2015
კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის შემოღება 6 წლის წინ იყო სერიოზული ნაბიჯი პროგრესისკენ. თუმცა მარტო შემოღება ბევრს ვერაფერს შეჰმატებს ქვეყანას, თუ არ მოხდება მთელი ამ პერიოდის გამოცდილენის გაანალიზება და დადებითი მხარეების სტიმულირება საკანონმდებლო დონეზე.
დადებითი მთელი ამ ხნის მანძილზე არის ის, რომ კერძო აღმასრულებელი უფრო მოქნილი და მოტივირებულია, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული მისი კოლეგა. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კერძო აღმასრულებელი და არა პირიქით, როგორც ეს დღეს არის: არის ბევრი არალოგიკური საკანონმდებლო ბარიერი, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კერძო აღმასრულებელს მისი კოლეგა აღმასრულებლისაგან, რომელიც დასაქმებულები არიან სახელმწიფო სექტორში. ასე მაგალითად, კერძო აღმასრულებელს არ შეუძლია დააყადაღოს ქონება, რომელიც აღრიცხულია ტექ. ბიუროში; არ შეუძლია აღასრულოს საქმეები, რომელთა ღირებულება აღემატება 500 000 ლარს (თანაც დღეს, როცა ლარი ასე დაკნინებულია, ხოლო აღსასრულებელ მოთხოვნათა უმეტესობა უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, აშშ დოლარშია ნომინირებული?!); არ შეუძლია დაეყრდნოს მხარეების მიერ წარმოდგენილ ქონების შეფასებებს; აუქციონის ჩაშლის შემთხვევაში საგარანტიო თანხა, რომელსაც კარგაცს გამარჯვებული, რადგან მან აღარ გადაიხადა დარჩენილი ფასი, სრულად რჩება ბიუროში (ნეტა რისთვის?!); ბიუროს საიტზე შეტყობინებების პუბლიკაციისათვის უნდა უხადოს ფული (მართალია, კანონით პუბლიკაციები უმთავრესად უნდა ხდებოდეს სასამართლოს საიტზე ან საინფორმაციო დაფაზე, თუმცა ალტერნატივა მაინც ბიუროს "მხარესაა"); კერძო აღმასრულებლის სტატუსი დაკნინდა, როცა ლიცენზიის გაცემა გადაეცა კონკურენტს, დიახ კონკურენტს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც თვითონაა დაინტერესებული მხარე, ბაზრის მსხვილი მოთამაშე - ეს იგივეა, ცხვარი მგელს რომ ჩააბარო :)
როცა საქართველოში ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები გამოცდილების გაზიარების მინით ან როცა ხდება კანონმდებლობის სრულყოფაზე შეხვედრები უცხოელი კოლეგების მომაწილეობით (მათ გარეშეც),კერძო აღმასრულებლები ამ პროცესებისგან დისტანცირებულებია.
კიდევ ერთი, მაგრამ არაერთადერთი ბარიერი: ბიურო სააუქციონო მომსახურებისას "მკაცრად" იცავს ერთვიან ვადას და აუქციონს ერთი თვის თავზე ატარებს - ეს ვადა ასე მკაცრად მხოლოდ კერძო აღმასრულებლების შემთხვევაშია დაცული.
ყველა ეს ბარიერი ამ ინსტიტუტს ამყოფებს განვითარების ემბრიონალურ ეტაპზე, თუმცა ის უკვე არც ისე "პატარაა".
მერწმუნეთ, ასე ეს ინსტიტუტი ვერ განვითარდება!
მოგიწოდებთ, ვისაც ეს ეხება, გაათავისუფლეთ კერძო აღმასრულებელი უაზრო მარწუხებისაგან. გჯეროდეთ, ის არ არის სახელმწიფოს მტერი, ის ერთ-ერთი ბურჯია, რომელიც დგას მართლმსაჯულების სადარაჯოზე და შეაქვს თავისი წვლილი სახელმწიფოს შენების საქმეში, მის გაევროპულებაში!