23/10/2018
საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting“ -მა სააპელაციო სასამართლოში საქმე მოიგო
დღეს, საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting” – ის ადვოკატმა მირანდა გურგენიძემ წარმატებით დაასრულა სამემკვიდრეო დავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სადაც ჩვენი ადვოკატი მოპასუხის ინტერესებს იცავდა.
აპელანტი ითხოვდა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ ჩვენს სასარგებლოდ გამოტანილი მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, კერძოდ კი, ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივად ბათილად ცნობას და სადაო ქონების 1/2 მესაკუთრედ ცნობას, თუმცა არც მეორე ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ფაქტობრივად ფლობდა სამკვიდროს, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განმარტა, ფლობის ფაქტი აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება, რის შედეგადაც მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting” – ის ადვოკატი მირანდა გურგენიძე აღნიშნავს, რომ სამემკვიდრეო დავების სამართალწარმოება სპეციფიკური ხასიათისაა, ამ კონკრეტულ სამოქალაქო დავაში ყურადღებამისაქცევი იყო, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებები (ის რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი), ასევე სამართლებრივი გარემოებები, კერძოდ, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები, რადგან სამოქალაქო კოდექსის 128–ე მუხლის თანახმად: ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა."
ამასთან, როგორც საქალაქო სასამართლომ, ასევე სააპელაციო პალატამაც ცალსახად დაადგინა, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, რაც გახდა კიდეც მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.