17/06/2026
წესდება – ფორმალობა თუ ბიზნესის დაცვის მთავარი ინსტრუმენტი?
ბევრი დამფუძნებელი კომპანიის რეგისტრაციისას წესდებას მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად აღიქვამს. ხშირად იყენებენ ინტერნეტიდან გადმოწერილ შაბლონს ან სხვისი კომპანიის წესდებას მცირე ცვლილებებით. ძალიან ხშირად მოუმართავთ დამფუძნებლებს სტანდარტული წესდებით კომპანიის დაფუძნებაზე- „მთავარია დავარეგისტრიროთ, მერე მივხედავთო“.
როგორც საკორპორაციო და ბიზნეს სამართლის ადვოკატი, ჩემი პრაქტიკიდან გეტყვით: ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ბიზნესის დაწყებისას შეგიძლიათ დაუშვათ.
სწორედ წესდების ხარვეზები ხდება პარტნიორებს შორის კონფლიქტების, ბიზნესის ბლოკირებისა და ხანგრძლივი სასამართლო დავების მთავარი მიზეზი.
წესდება კომპანიის „შიდა კონსტიტუციაა“, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებებსა და მოვალეობებს, გადაწყვეტილებების მიღების წესს, დირექტორის უფლებამოსილებას, წილების გასხვისების პირობებსა და დავების გადაწყვეტის მექანიზმებს. ამიტომ, სტანდარტული წესდება შეიძლება საკმარისი იყოს კომპანიის დასარეგისტრირებლად, მაგრამ არა მისი ინტერესების დასაცავად.
განსაკუთრებით პრობლემურია შემთხვევები, როდესაც წესდება არ არეგულირებს პარტნიორთა შორის შესაძლო უთანხმოებებს, გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებს ან დირექტორის უფლებამოსილების ფარგლებს. ასეთ დროს ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხიც კი შეიძლება სერიოზულ დავად გადაიქცეს.
ჩემს პრაქტიკაში შემხვედრია შემთხვევა, როდესაც პარტნიორებმა ბიზნესის დაფუძნებისას სტანდარტული წესდება გამოიყენეს, რადგან ერთმანეთის მიმართ სრული ნდობა ჰქონდათ. რამდენიმე წლის შემდეგ, ბიზნესის ზრდასთან ერთად, მათ შორის წარმოიშვა უთანხმოება კომპანიის მართვასთან დაკავშირებით. წესდება არ შეიცავდა მკაფიო ჩანაწერებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წესზე, პარტნიორის გასვლის პირობებსა და წილის გასხვისების საკითხებზე. შედეგად, კომპანიის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ მიიღეს, რამაც როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია.
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, პარტნიორებს შორის კონფლიქტი, როგორც წესი, ბიზნესის შექმნისას კი არა, მისი განვითარების ეტაპზე იწყება. სწორედ ამიტომ, კარგი წესდება უნდა იქმნებოდეს არა დღევანდელი ურთიერთობების, არამედ მომავალი რისკების გათვალისწინებით.
წესდება არ არის ფორმალობა ის არის ბიზნესის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იურიდიული ინსტრუმენტია.
თუ გეგმავთ ბიზნესის დაწყებას ან გსურთ არსებული წესდების გადამოწმება/აუდიტი, მოამზადეთ თქვენი ბიზნესის უსაფრთხოების გარანტია პროფესიონალთან ერთად.
იურიდიული მომსახურებისა და სწავლების ცენტრის- ადვოკატი თამარ ჯუღელი
📩 კონსულტაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.
#ბიზნესსამართალი #კორპორაციულისამართალი #წესდება #ბიზნესკონსულტაცია #თამარჯუღელი #სამართალი #სტარტაპი