ადვოკატი დარია სამოდუროვა Lawyer Daria Samodurova

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი დარია სამოდუროვა Lawyer Daria Samodurova

ადვოკატი დარია სამოდუროვა Lawyer Daria Samodurova ადვოკატი - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია.

24/04/2026

🆘️🤯
ასეთი საშინელი დღე მე როგორც ადვოკატს დიდი ხანია არ მქონია.

ჩემს კლიენტს, რომელიც საქართველოში არის თავშესაფრის მაძიებელი, სურს საქართველოდან წასვლა, ამისთვის კი საჭიროა მოქმედი პასპორტის თან ქონა.
მოგეხსენებათ, რომ თავშესაფრის მაძიებლის პასპორტი ინახება მიგრაციის დეპარტამენტში.

გავიხმეთ სარჩელი სასამართლოდან რომლითაც ითხოვდა საერთაშორისო დაცვას (თავშესაფარს), განჩინებით, ავიაბილეთით და შესაბამისი განცხადებით ხელში გამოვცხადდით მიგრაციის დეპარტამენტში, რომელიც მდებარეობს სოფელ მარტყოფში.

დილის 11 საათიდან სიცივეში, ქარში ვიდექით გარეთ ( მიგრაციის დეპარტამენტს არ აქვს მოსაცდელი შენობა , სადაც ადამიანი დაელოდება თავის რიგს. ადვოკატებს და მოქალაქეებს გვიწევს რამდენიმე საათი ვიდგეთ ღია ცის ქვეშ, დასაჯდომი ადგილიც არ არის) ველოდებოდით ჩვენს რიგს. 14:30 როგორც იქნა შეგვიშვეს. თანამშრომელს ჩავაბარეთ ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია და ისევ მოლოდინის რეჟიმში გადავედით ( ამჯერად შენობაში). 2 საათიანი ფიქრის შემდეგ, 16:30 საათზე მოვიდნენ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები და უთხრეს ჩემს კლიენტს გაყოლოდა მათ. რა თქმა უნდა, ვიკითხე მიზეზი, უთხრეს რომ თბილისის ფილიანში უნდა გადაიყვანონ და გაესაუბრონ, ვკითხე აკავებენ თუ არა, რაზეც მითხრეს რომ არ აკავებენ უბრალოდ გადაიყვანენ და გაესაუბრებიან. გავაპროტესტე მათი ქმედება, ვუთხარი რომ ეს არის დაკავება და უფლება არ ჰქონდათ, რადგან თავშესაფრის მაძიებლად ითვლება სანამ.სარჩელის გამოხმობაზე განჩინება არ შევა კანონიერ ძალაში, რაზეც მიპასუხეს რომ არაფერი იციან. მოვითხოვე მიზეზის განმარტება რაზეც 6 ადამიანი მეუბნებოდა არ ვიცითო, გვითხრეს მოიყვანეთო ( აკავებდნენ და ესეც კი ვერ გააფორმეს კანონიერად) ჩასვეს შკოდას ფირმის მანქანაში და წავიდნენ. ისიც ვკითხე განთავსების ცენტრში მიჰყავდათ თუ ახალ შენობაში, ამაზე მიპასუხეს რომ არ იციან ( მომატყუეს). 17:30ზე უკვე ვიყავი თბილისში მიგრაციის დეპარტამენტის განთავსების ცენტრთან. თბილისის ფილიალშიც ზუსტად იგივე სიტუაციაა, როგორც მარტყოფში. ადვოკატებს გვიწევს ღია ცის ქვეშ ლოდინი, სანამ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელს მოეხასიათება და გამოგვხედავს.
სამხედრო პირმა გადასცა რომ მოვედი და შესვლას ვითხოვ, ა რ შ ე მ ი შ ვ ე ს უკანონოდ დაკავებულ ადამიანთან.
უხეშად დაარღვიეს ჩემი კლიენტის უფლება ჰყავდეს ადვოკატი და უხეშად შემიშალეს ხელი საადვოკატი საქმიანობის განხორციელებაში. ჩხუბის შემდეგ და 1.5 საათიანი ლოდინის მერე იკადრა მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა და გამოვიდა ჩემთა. სალაპარაკოდ. სამწუხაროდ ჩემი კლიენტი არ გამოუშვეს და ხვალ სასამართლოში მომიწევს დიდი ბრძოლა მისი გამოშვებისთვის.

რომ ჰკითხო ძალიან უხარიათ, როცა უცხოელი ნებაყოფლობით ტოვებს ქვეყანას.
განგიმარტავთ რომ პასპორტის დაბრუნებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა სასამართლოდან გაიხმო სარჩელი ან საჩივარი, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ითხოვს საერთაშორისო დაცვას. ასევე აუცილებელია, უცხოელი პირადად გამოცხადდეს განჩინებით, ავიაბილეთით და განცხადებით მიგრაციის დეპარტამენტში, თუმცა უცხოელის დაკავება და განთავსების ცენტრში მოთავსება უკანონოა, ვინაიდან ნებაყოფლობით ტოვებს ქვეყანას და არ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.
ამ შემთხვევაში კი არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სარჩელის გამოხმობის შესახებ განჩინებაც კი, გარდა ამისა სარჩელის გამოხმობა არ ნიშნავს სარჩელზე უარის თქმას.

მხედველობაში მივიღოთ, ასევე ის რომ უკანონოდ მოახდინეს ჩემი კლიენტის დაკავება, ელემენტარულად უფლებები არ განუმარტეს, ჩემი იქ ყოფნა ყველანაირად დააიგნორეს და არც ერთ კითხვაზე არ მიმიღია პასუხი. ბოლომდე, თვალების გადაბრუნებით იუწყებოდნენ რომ ეს დაკავება არ იყო და მე მეჩვენებოდა.

02/04/2026

არტემ გრიბული ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებიდან სრულად დახურულში გადაიყვანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეეზღუდა სატელეფონო ზარები და პაემნების რაოდენობა.

გაეცანით, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი და რატომ არის ეს არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებული.

19 თებერვალს არტემ გრიბულის და ანტონ ჩეჩინის ერთ-ერთი თანამესაკნე ითხოვდა ომბუდსმენთან დარეკვას, თუმცა ვერ დარეკა ტექნიკური მიზეზების გამო და უთხრეს, რომ მეორე დღეს დაერეკა. მეორე დღეს იყო ისეთი ცვლა, რომელიც კარგი თვალით არ უყურებს ბიჭებს. რამდენჯერმე კიდევ მოითხოვა დარეკვა, თუმცა უარი მიიღო. შემდეგ შემოვიდა მათ საკანში თანამშრომელი „მახო“ (მალხაზ ბარბაქაძე), რომელმაც აგრესიული ტონით, არაცენზურული სიტყვებით უპასუხა, რომ მათი ყველა პრობლემა „ერთ ადგილას კიდია“. შემდეგ კი მათ აგინა, ლანძღა და საკნიდან გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ციხის თანამშრომლები თავიანთ ნამდვილ სახელს და გვარს არ ასახელებენ. ან თუ ასახელებენ, შემოკლებით და გვარს არასწორად ამბობენ. „მახომაც“ არასწორად დაასახელა თავისი გვარი, რაც შემდგომ გაირკვა „ბანქოს საქმიდან.“
რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა „მახო“ და გაიყვანა ის ბიჭი, ვინც ომბუდსმენთან დარეკვას ითხოვდა. ის აღარ დაუბრუნებიათ საკანში.
23 თებერვალს, როდესაც ისევ „მახოს“ ცვლა იყო, მან ბიჭებს მოუწოდა, რომ მათი ყოფილი თანამესაკნის ნივთები ჩაელაგებინათ, რაზეც უარი განაცხადეს იმ მიზეზით, რომ ის სწორედ „მახომ“ გაიყვანა საკნიდან. „მახომ“ ყველანაირი უწმაწური სიტყვა გამოიყენა მათი მისამართით. ამის შემდეგ კი არტემ გრიბულს უთხრა, რომ კარცერში გაჰყოლოდა. ისიც გაჰყვა. მან არტემი გაიყვანა სამორიგეოში, სადაც უღრიალებდა, აგინებდა და ემუქრებოდა, რომ კარცერში წაიყვანდნენ და მაგრად სცემდნენ.
შემდეგ არტემს ჰკითხეს, თუ რა მუხლით ზის და როდესაც გაიგეს, რომ აქციების გამო არის დაკავებული, ტონი დაათბეს და დააბრუნეს საკანში.
მესამე დღეს, მე მოვინახულე არტემი, რომელმაც ყოველივე ეს მიამბო.
საჩივარი გავგზავნე 25 თებერვალს და მათ სისტემაში აისახა 26 თებერვლის დილას, რის შემდეგაც არტემ გრიბული და ანტონ ჩეჩინი გაიყვანეს საკნიდან და წაიყვანეს ორ ადგილიან, ძალიან პატარა საკანში, სადაც საშინელი ანტისანიტარია იყო. მოციმციმე ნათურები და ტარაკნები. არტემმა და ანტონმა განაცხადეს, რომ იქ ვერ გაჩერდებოდნენ, რის შემდეგაც ისინი წაიყვანეს კარანტინში და შეუსახლეს ორი ადამიანი, რომლებიც ჰიგიენურ ნორმებს არ იცავდნენ, ერთ-ერთ მათგანს ჰალუცინაციებიც ჰქონდა. იყო ასევე საშინელი ანტისანიტარია. შემდეგ არტემი ამჯერად სხვა საკარანტინო ზონაში შეასახლეს, სადაც ტარაკნები კარზეც კი დარბოდნენ, იყო საშინელი კვამლი. არტემი არ ეწევა და ბევრჯერ მოითხოვა იქიდან გადაყვანა, თუმცა მასთან არავინ მოვიდა. კარზე დაკაკუნების შემდეგ კი მასთან მოვიდნენ და წაიყვანეს კარცერში, სადაც ტარაკნებთან ერთად სოკო და ობიც იზრდებოდა. ლეიბი კი იყო სისხლის ლაქებით სავსე. რა თქმა უნდა, მივმართეთ საჩივრით, რის შედეგადაც მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა ინახულა არტემი ჩემი თანდასწრებით. როგორც აღმოჩნდა, სწორედ იმ დღეს გადასცეს არტემს ბრძანება იმის თაობაზე, რომ იგი ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებიდან სრულად დახურულში გადაიყვანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეეზღუდა სატელეფონო ზარები და პაემნების რაოდენობა. რა თქმა უნდა, ეს ბრძანება იქნება გასაჩივრებული და ბოლომდე მივყვებით ამ საქმესაც.

07/03/2026

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავდა სვეტლანა ზინოვკინას ადმინისტრაციულ საჩივარს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 30 ივლის სვეტლანა ზინოვკინა საქართველოში არ შემოუშვეს. პასპორტ კონტროლზე შეატყობინეს რომ მას აქვს 5000 ლარიანი ჯარიმა გზის გადაკეტვის გამო, უფრო სწორედ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო.

სვეტლანას წარმოდგენა არ ჰქონდა რა ჯარიმაზეა საუბარი. ითხოვდა საჯარიმო ქვითარს, ითხოვდა საზღვრის კვეთების ნახვას, თუმცა ხელზე გადასცეს გადაწყვეტილება საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის შესახებ, ჩამოართვეს ტელეფონი და 2 დღით გამოკეტეს 1 ოთახში.

ასევე შეგახსენებთ, რომ სვეტლანა ზინოვკინა არის პოლიტპატიმრის ანასტასია ზინოვკინას დედა. სვეტლანა ჩამოდიოდა ანასტასიასთან დანიშნულ ხანგრძლივ პაემანზე.

ოფიციალური ბაზის protocol.ge-ს გადამოწმებისას აღმოჩნდა რომ სვეტლანა ზინოვკინას შსს ედავებოდა 2025 წლის 10 მარტს, გზის გადაკეტვას კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სვეტლანა ზინოვკინას საქართველოდან გაფრინდა 2025 წლის 9 მარტს. პოლიც.ჯი-ზე გადამოწმებისას ჯარიმის გამოწერის თარიღი წერია 2025 წლის 24 ივნისი.

არასამუშაო საათებში, ორშაბათს დამიკავშირდა თორნიკე ქოჩქიანის შემადგენლობიდან და მაცნობეს რომ 2026 წლის 6 მარტს ჩაინიშნა სასამართლო პროცესი. ასევე მთხოვეს რომ მოვსულიყავი საქმის მასალების ჩასაბარებლად ოთხშაბათს.

ოთხშაბათს ჩავიბარე საქმის მასალები.

საქმის მასალების მიხედვით შსს სვეტლანა ზინოვკინას ედავებოდა თითქოს და ის 6 მარტს კეტავდა რუსთაველის გამზირს. ოქმი შედგენილი იყო ხელით, სხვა საქმის მასალები კი იყო შაბლონურო და არაფრის მომცემი.

ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებების საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით ოქმების შემდგენი პირის სასამართლოზე დაკითხვა, რის დაკმაყოფილებაზეც მოსამართლემ თორნიკე ქოჩქიანმა უარი გვითხრა.

მოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებაზე ვიდეო-ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩანიშვნა, რადგან მაგის ნამდვილობაში ეჭვი გვეპარებოდა. აღნიშნული შუამდგომლობაც სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა.

შსს-ს წარმომადგენელზე საუბარი ზედმეტია. ცინიკურ დამოკიდებულებას და "დაცინვას" რომ გავანებოთ თავი, არის უვიცობის ეტალონი. წარმოდგენა არ აქვს კანონზე, მაგრამ ყველაზე მეტად მე მაოცებს მაგისი დაუფიქრებლობა. ახალგაზრდა გოგო, უკანონო ბრძანების შესრულებით ანგრევს თავის მომავალს. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, პასუხს აგებს თავის ყველა ქმედებაზე.

მე გავუსვი ხაზი შაბლონურ ოქმებზე, აცდენაზე ბაზებში არსებულ მონაცემებსა და სამართალდარღვევათა ოქმს შორის. რა თქმა უნდა, ეჭვ ქვეშ დავაყენე ყველა საქმის მასალის ნამდვილობა.

ავღნიშნე ასევე, ის რომ ვიდეომტკიცებულება მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა არ დააკმაყოფილა სვეტლანა ზინოვკინას საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა შსს-ს მიერ გამოწერილი 5000 ლარიანი ჯარიმა. ყველაზე მეტად გამაღიზიანა შსს-ს წარმომადგენლის მიერ მოსამართლისთვის გადახდილი მადლობა. ადამიანი, რომლის უდანაშაულო შვილი ციხეშია გამოკეტილი, უსაფუძვლოდ 5000 ლარით დააჯარიმეს, ეს როგორ შეიძლება ვინმეს გაუხარდეს?!

ჩემს პრაქტიკაში ეს პროცესი არ იყო პირველი. მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავინახე რომ არც მოსამართლეს და არც შსს-ს კანონი არ აინტერესებთ, არ აინტერესებთ ხვალინდელი დღე, არ აინტერესებთ ადამიანური ღირებულებები, ორივეს აქვს ცინიკური დამოკიდებულება და ეს ყველაფერი პროვოცირებულია დაუსჯელობის სინდრომით🤯😔

01/03/2026

📣 "არა ჩადებას!" - მოქალაქეებმა 2 მარტს 13:00 საათზე გენერალურ პროკურატურასთან აქცია დააანონსეს.

27/02/2026

🆘️🆘️🆘️ არტემ გრიბულს, ისევ "მახო" ემუქრებოდა და აგინებდა. ინფორმაცია მომაწოდა Mancho -მ, რომელიც იმყოფებოდა ანტონ ჩეჩინთან პაემანზე. დეტალები ჯერ არ არის ჩემთვის ცნობილი. მე გუშინწინ მივმართე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვე "მახოს"თანამდებობიდან გათავისუფლება, მაგრამ როგორც ხედავთ "მახო" , ისევ თავისას აგრძელებს😡 ამჟამად, ანტონ ჩეჩინმა არ იცის სად არის არტემ გრიბული.
მივმართე ასევე სახალხო დამცველს და რადგან "მახო" ასე ითხოვს აუცილებლად მივმართავ პროკურატურასაც.

25/02/2026

🆘️ N8 პენიტენციურ დაწესებულებას (გლდანის ციხეს) ეტყობა შეშურდა N5 პენიტენციური დაწესებულების (ქალთა კოლონიის) „პოპულარობისა“. იფიქრეს, რითი ვართო ჩვენ ნაკლებიო და გადაწყვიტეს თავის გამოჩენა.
2026 წლის 25 თებერვალს არტემ გრიბულთან გეგმიური ვიზიტის დროს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი ვინმე „მახო“ მას აგინებდა, ამცირებდა და ემუქრებოდა.
ფაქტი მოხდა 2026 წლის 23 თებერვალს.
მოგახსენებთ, რომ ვინმე მახოს და ა. ზ. (რომელიც მოთავსებული იყო არტემ გრიბულთან ერთად ერთ საკანში) დაეწყოთ კონფლიქტი იმის გამო, რომ ა. ზ. უნდოდა სახალხო დამცველთან დარეკვა და ითხოვდა დასარეკად გაყვანას. “მახომ” უხეში უარი განაცხადა, შეაგინა და დაამცირა ა. ზ. , შემდეგ კი გაიყვანა საკნიდან და წაიყვანა კარცერში. ამის მერე “მახო” დაბრუნდა საკანში და კარიდან უბრძანა არტემ გრიბულს და საკანში მყოფ სხვა პირებს ჩაელაგებინათ ა. ზ.-ს ტანსაცმელი, რაზეც არტემ გრიბულმა უპასუხა რომ არ ჩაალაგებენ ა.ზ.-ს ნივთებს. უარის გაგონებაზე საკანში შემოვიდა გაცეცხლებული “მახო”, დაუწყო არტემ გრიბულს გინება და ისევ უბრძანა ა. ზ.-ს ტანსაცმლის ჩალაგება, რაზეც არტემ გრიბულისგან ისევ უარი მიიღო და დაემუქრა კარცერში გამოკეტვით. არტემ გრიბულმა უთხრა: “მიდი, წამიყვანე”. “მახომ” გაიყვანა არტემ გრიბული და შიყვანა სამორიგეოში, სადაც ბოლო ხმაზე დაუწყო გინება, დამცირება, აიღო რაცია და მთელი ძალით მაგიდაზე დაანარცხა (ძალის დემონსტრირება დაშინების მიზნით), ეუბნებოდა, რომ ციხეში ყველაფერს პირადად აგვარებს და აკონტროლებს, რომ შეუძლია არტემ გრიბულს დაუმორჩილებლობაზე საქმე “შეუკეროს” და კარცერში გამოკეტოს. “მახო” არტემ გრიბულს დამამცირებელი ტონით და უშვერი სიტყვებით ეუბნებოდა, რომ ის საერთოდ არარაობაა, ადამიანიც კი არ არის, ვინაიდან პატიმარია. არტემ გრიბულმა დამცირებაზე უპასუხა რომ არის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი და არა არარაობა, ასევე არტემ გრიბულმა ჰკითხა “მახოს” რა განათლება აქვს, პასუხად “მახომ” მომატებული ენთუზიაზმით დაუწყო გინება. არტემ გრიბულმა მისცა შენიშვნა და სთხოვა კორექტულად და კულტურულად ელაპარაკა, თუმცა ამ სათხოვარმა უფრო გამოიყვანა წყობიდან “მახო”. ამ სიტუაციას შეესწრნენ ციხის სხვა თანამშრომლებიც. ერთ-ერთი თანამშრომელი, სახელად სოსო, შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, გაარიდა “მახო” და დაიწყო არტემ გრიბულთან მშვიდი საუბარი იმაზე, რომ “მახო” განერვიულდა და არ მიექცია ყურადღება. რამდენიმე წუთში დაბრუნდა “მახო” და უხეშად მიმართა გრიბულს: “დაბრუნდი საკანში”. არტემ გრიბულმა არაერთხელ ჰკითხა “მახოს” გვარი, თუმცა პასუხად გინებას ისმენდა. არტემ გრიბულის განმარტებით, “მახო” არასდროს არ გამოირჩეოდა თავაზიანობით, მათ საკანში ეწევა სიგარეტს, თხოვნაზე - სიგარეტს ნუ ეწევი, “მახო” მათ აგინებს, პრობლემების გაჟღერებაზე “მახო” პასუხობს, რომ ყველა მათი პრობლემა ერთ ადგილზე ჰკიდია და ერთ ადგილზე ატრიალებს. გვარს შეგნებულად არ ასახელებს .
“მახო” ხშირად ამბობს იმას, რომ ციხეში იკავებს მაღალ თანამდებობას და მას ყველაფერი შეუძლია. პატიმრებს ექცევა აგდებულად და მათ არ თვლის ადამიანებად.
ბილწი სიტყვების ციტირებისგან თავს ვიკავებ, შესაბამისად ვეცადე კორექტული ენით აღმეწერა ის ამაზრზენი სიტუაცია, რომელიც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიამბო.
“მახომ” უხეშად დაარღვია ჩემი დაცვის ქვემ მყოფის უფლებები, დაამცირა და ცდილობდა მის დამორჩილებას. “მახო” ვერ შეეგუა იმას, რომ არტემ გრიბულმა უარი განაცხადა დამამცირებელი ბრძანებების შესრულებაზე. “მახო” ბოლომდე ცდილობდა არტემ გრიბულის დაშინებით დამორჩილებას. “მახოს” გამოკვეთილად ეტყობა მანიაკალური თვისებები, შესაბამისად ასეთი პირი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს პატიმრებისთვის, მით უმეტეს თუ მაღალი თანამდებობა უკავია და ბოროტად სარგებლობს ამ თანამდებობით.

29/11/2024

საქართველოს კონსტიტუციის დამხობის კვირეული.
ორშაბათი - დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი, რომლის მიხედვით "ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს."
დავიწყოთ იმით, რომ პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტს არ დაუნიშნავს, ხოლო სხვაგვარად პარლამენტის დანიშვნა, უზენაესი კანონით არ არის გათვალისწინებული. მიუხედავათ ამისა გაყალბებულ არჩევნებში "გამარჯვებულმა" პარტიამ მაინც ჩაატარა სხდომა.
სამშაბათი-დაამახინჯეს განათლების პროგრამა. არ დაინდეს საკუთარი ქვეყნის ისტორიაც კი. წყალში ჩაუყარეს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს და გამოჩენილ პიროვნებებს დაუღალავი შრომა, ქვეყნის სიყვარული და ბრძოლა მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის. ნაცვლად იმისა რომ მაგალითი აეღოთ და საგანმანათლებლო სისტემა გაეძლიერებინათ, დგებიან და ახლანდელ თაობას ეუბნებიან "თქვენ ისწავლით იმას, რაზეც ჩვენ მიგითითებთ." აქ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი, რომლის მიხედვით "ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება."
ოთხშაბათი - პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებენ უწიგნურ სუბიექტს. ამ მარაზმის მომხრეებთან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) მაქვს ერთი კითხვა: თქვენი შვილი ან/და შვილიშვილი რომ მოისვრის წიგნს და გეტყვით "რაში მჭირდება განათლება, რაში მჭირდება ატესტატი და დიპლომი თუ ჩემი ქვეყნის პრეზიტენტს არც ერთი არ აქვს, სამაგიეროდ პრეზიდენტია და 5ნიშნა ხელფასი ერიცხება, შენ კი 2 დიპლომი გიდევს და 1500 ლარისთვის წელებზე ფეხებს იდგავ." რას უპასუხებთ?
ზემოაღნიშნული საშიშროების წინაშე ყველანი ვდგებით.
ხუთშაბათი - მემგონი ყველა მიუხვდა პრინციპს თუ როგორ უნდა განმარტოს "ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები. განვიხილოთ ცოცხალი მაგალითი. ერთ-ერთი დაპირება იყო ევროინტეგრაცია ლოზუნგით "წინ ევროპისკენ" აღმოჩნდა რომ აქ გულისხმობდნენ რუსეთში ინტეგრაციას ლოზუნგით "უკან საბჭოთა კავშირში" .
ცალსახად, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის მიხედვით "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად."
პარასკევი - მიმდინარეობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უმოწყალოდ ცემა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით " ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა."
მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით " ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია."
21-ე მუხლის მიხედვით " 1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო."
ცნობისთვის, შეკრების შეწყვეტაში არ იგულისხმება მინუსიან ამინდში ხალხზე წყლის ჭავლის გაშვება, რეზინის ტყვიების სროლა, წიწაკის შესხურება, გაზის გაშვება, უმოწყალოდ ცემა, კისრის მტვრევა, თავის გატეხვა და ა.შ. მეტიც კანონსაწინაამღდეგო ხასიათში არ იგულისხმება რუსთაველზე დგომა და ხელისუფლებისთვის თხოვნა იზრუნოს მათ მომავალზე და არ ჩაითრიოს ჭაობში.

Send a message to learn more

Address

Tbilisi

Telephone

+995555487210

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი დარია სამოდუროვა Lawyer Daria Samodurova posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი დარია სამოდუროვა Lawyer Daria Samodurova:

Share