06/06/2020
ბავშვის შვილად აყვანა
ვის შეუძლია ბავშვის შვილად აყვანა?
მშვილებელი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება გააჩნია და რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამავდროულად, პირს რომელსაც სურს ბავშვის შვილად აყვანა, უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, რომლის მიზანია შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ -ჩვევების შეძენა. მშვილებელი ასევე რეგისტრირებული უნდა იყოს შვილად აყვანის მსურველთა ერთიან ბაზაში.
ვის არ შეუძლია იყოს მშობელი?
ა) პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
ბ) პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება
გ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს;
დ) პირი, რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს;
ე) პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
ვ) კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში:
რა შეზღუდვები არსებობს ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით ?
ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი შეზღუდვები:
✅ აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;
✅ აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა;
✅ მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა;
✅ მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
✅ დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;
✅ მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;
ვისზე არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი ?
შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი.
გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს:
ა) მშვილებელს, რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს;
ბ) მშვილებელს, რომელიც არის
გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონით დადგენილ პირთა წრიდან;
გ) მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი;
დ) მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული აღსაზრდელი.
ავტორი ნატალია გელაძე