23/01/2026
გუშინ, 22 იანვარს, სასამართლომ ჩემი და ადვოკატ ვერიკო გაგუას დაცვის ქვეშ მყოფს - რეზი დუმბაძეს - ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეუფარდა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
ზოგადად, მსგავს პოლიტიკურ საქმეებზე თავიდანვე მაქვს განცდა, რომ თავიდან ბოლომდე წაგებულ პროცესში შევდივარ. ამის მაგალითია ისიც, რომ გუშინდელ პროცესზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენს მიერ დაყენებული მოწმეების დაკითხვის დასაბუთებული შუამდგომლობები, სასამართლო მტკიცების ტვირთს არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებდა და საქმეში საჭირო მტკიცებულებების ფაქტობრივ არარსებობასაც ყურადღებას არ აქცევდა.
ამ ფონზე მეგონა, რომ საბოლოო შედეგი წინასწარ შეთანხმებული სცენარით წარიმართებოდა და რეზის ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებდა, თუმცა ჩვენდა გასაკვირად სასამართლო მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. რა თქმა უნდა, ეს შედეგი გამიხარდა, თუმცა მაშინვე გამიჩნდა განცდა, რომ შესაძლოა ესეც საერთო სცენარის ნაწილი ყოფილიყო და სხვა მსგავს საქმეებზეც ანალოგიური დადგენილებები მიღებულიყო.
თუმცა დღეს უკვე ვხედავთ, რომ სხვა, ანალოგიურ საქმეებზე სასამართლომ ადამიანების უმეტესობას რამდენიმე დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შესაბამისად, თუნდაც თავიდანვე ვფიქრობდეთ, რომ წაგებულ პროცესში შევდივართ, ადვოკატებმა მაინც ბოლომდე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მაქსიმალურად დასაცავად - მიუხედავად იმისა, გვეგონოს, რომ სასამართლო არ გვისმენს ან კანონიერ გადაწყვეტილებებს არ იღებს.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე პირადად ყოველთვის მზად ვარ და ვიქნები, რომ შეუპოვრად ვიბრძოლო თქვენს დასაცავად, თქვენი გამარჯვებისთვის!
🤝⚖️