GSL Law Office

GSL Law Office სამართლებრივი მხარდაჭერა ბიზნესებისთვის ქართულ და ინგლისურ იურისდიქციაში ორმაგი კვალიფიკაციის იურისტებისაგან. პარტნიორი - ქეთი ბაშინურიძე.

A law firm of dual-qualified lawyers from across Georgian and English Jurisdictions. Katie Bashinuridze, Partner. Georgian Solicitors LLC

10/02/2026

🔎 ალგორითმი, როგორც მომრიგებელი სასამართლო

✅ უპიროვნო მართლმსაჯულების პროცესი დატესტილია წარმატებით.

🔴 4 წელია, რაც ინგლისში ამოქმედებულია მართლმსაჯულების ჩამნაცვლებელი ონლაინ პორტალის სისტემა საგზაო შემთხვევების შედეგად მცირე ფიზიკური დაზიანებების სარჩელებზე (minor RTA claims).

🔴 საამისოდ საკმარისია ორი ფაქტორი: კანონში კოდირებული ფორმულა და ამ ფორმულით კოდირებული ალგორითმი ტექნოლოგიაში.

🔷 მაგ. კანონი დეტალურად გაწერს:

- სატარიფო სისტემას ფიზიკური დაზიანების ხანგრძლივობის მიხედვით (1 თვიდან 2 წლამდე პერიოდზე),

- პასუხისმგებლობის დადგენის,

- მტკიცებულების შეფასების,

- პროცესუალური ზედამხედველობისა და

- კომპენსაციის დაანგარიშების წესებს

🔷 ხოლო ტექნოლოგია ალგორითმით გააცოცხლებს საკითხის მოგვარების ავტომატიზებულ პროცესს.

🔴 შედეგად, ყველა ტრადიციული მართლმსაჯულების სეგმენტი კოდირებული და ავტომატიზებულია:

🔷 ბაზრიდან გავიდა ათასობით იურიდიული ფირმა ფიზიკური დაზიანების (PI claims) სარჩელების სპეციალიზაციით.

🔷 პროცესიდან გავიდა მოსამართლე და ადვოკატი (5000 ფუნტამდე ოდენობის სარჩელებზე).

🔷 აიკრძალა ადვოკატის მომსახურების ხარჯების მოწინააღმდე მხარისგან ამოღებაა: ადვოკატს აღარ დარჩა დაინტერესება, ხოლო მოსარჩელე ადვოკატის მომსახურებას სრულად საკუთარი ფულით ვერ იხდის.

🔷 ზიანის სამართლიანი შეფასება ყოველ ინდივიდუალურ საქმეზე ცოცხალი ადამიანი მოსამართლის მიერ ჩანაცვლდა კანონისა და პორტალის ალგორითმით.

🔷 ონლაინ პორტალის მომხმარებლები დარჩნენ მხოლოდ მხარეები და სადაზღვევო კომპანიები. მთავარია სისტემაში აეკრას ‘ექიმის ცნობა’😊.

🔎ბოლო 4 წლის განმავლობაში სარჩელები ასეთ საქმეებზე 80%-მდე შემცირდა;

🔎 რეფორმის დაგეგმვისას, არანაკლებ მოელოდნენ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან სადაზღვევო პრემიუმების შემცირებას, რაც არ გამართლდა.

28/01/2026

🔴 რა მოელის იურიდიული პრაქტიკების ტრადიციულ სტრუქტურას?

🔎იურისტების პარტნიორობა, როგორც კლიენტებზე ორიენტირებული კომერციული პრაქტიკა, ბოლო სამასი წლის მანძილზე ისე ვითარდებოდა, რომ ბუნება და თვისობრივი სტრუქტურა არ შეუცვლია.

🔎ის, რაც დღეს მსოფლიოს მასშტაბით ჩუმი ხმით ვითარდება, ცვლის იურიდიული პრაქტიკის ბუნებასაც და სტრუქტურასაც.

🔎პერსპექტივაში, პროფესიონალი ადამიანები 90%-ით გადიან თამაშიდან, ხოლო რობოტი იურისტები შემოდიან 'ბაზარზე'.

🔴ასეთი ‘წინსვლის’ იდეა განპირობებულია იმით, რომ შესაძლებლად არის მიჩნეული სუპერადამიანის დონის შემსრულებლობის მიღწევა.

🔎ხელოვნური ინტელექტის ‘შემოსვლამდე’, იურიდიული ფირმები ათწლეულების მანძილზე ყველაზე ეფექტურად იყენებდნენ ავტომატიზებულ საძიებო სისტემებს, სადაც შინაარსს ადამიანები ქმნიდნენ (Westlaw, LexisNexis, HeinOnline, Practical law Company ტომსონ როიტერსთან). აქ ტექნოლოგია თავად არ აგენერირებს რაიმე ახალ შინაარსს, ტექსტს, პროდუქტს. ეს არის ადამიანთა ცოდნის ავტომატიზაციის სისტემა, ავტომატიზებული ბიბლიოთეკა, მაგრამ არა თავად ხელოვნური ინტელექტი.

✔ ხელოვნური ინტელექტის გამოჩენისთანავე, უსწრაფესად განვითარდა შემდეგი სამი ტიპის ჩაშენება იურიდიულ პრაქტიკებში:

· გენერაციული AI;

· AI Native law firms, და

· Agentic AI law firms.

🔻გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ინსტრუმენტია - ის ადამიანების დავალებების მიხედვით ქმნის ახალ ტექსტს, პროდუქტს, იდეებს, ანალიზს; არ აქვს საკუთარი მიზანი, დამოუკიდებლად არ მართავს პროცესს, არ იღებს გადაწყვეტილებებს, არამედ რეაგირებს ადამიანის მოთხოვნაზე. ასეთ სისტემებს იურიდიული ფირმები იყენებენ უკვე რამდენიმე წელია (Harvey, Legora, ChatGPT, Gemini).

🔻AI-Native law firms - ხელოვნური ინტელექტით შობილი იურიდიული ფირმები, ე.ი. იმთავითვე მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფირმები. აქ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ადამიანების დავალებებს კი არ ასრულებს, არამედ თავადვე უწევს იურიდიულ საქმიანობას სრულ ორგანიზებას: აკავშირებს დოკუმენტებს, ვადებს, კლიენტის მონაცემებს, რისკების შეფასებას; თავად ანაწილებს სამუშაოს იურისტსა და ტექნოლოგიას შორის.

Garfield - დიდი ბრიტანეთის პირველი ხელოვნური ინტელექტით შობილი იურიდიული ფირმაა, რომელიც ინგლისის მარეგულირებელმა (SRA) დაარეგისტრირა.

Norm Law LLP - ნიუ იორკის ხელოვნური ინტელექტით შობილი იურიდიული პლატფორმაა, რომლის კლიენტების ბაზაც წარმოადგენს 30 ტრილიონი აშშ დოლარის აქტივების მართვის ფინანსურ ინსტიტუტებს.

🔻მაგრამ ‘წინსვლა’ არც აქ ჩერდება, რადგან უკვე ინერგება ე.წ. Agentic AI law firms - ე.ი. ხელოვნური ინტელექტი, როგორც კლიენტის სახელით დამოუკიდებლად მოქმედი წარმომადგენელი. Harvey-მ უკვე დაიწყო გარდაქმნის პროცესი წარმომადგენლობის განხორციელების მიმართულებით. აქ უკვე გვხვდება ფართო ავტონომია გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს არის აგენტი დელეგირებული უფლებამოსილებით, რომელსაც შეუძლია კლიენტი წარმოადგინოს ტრანზაქციებსა და დავებში, სასამართლოში, მეორე მხარესთან, მარეგულირებელთან. მაგ. ერთი მხარის აგენტი-ინტელექტი მეორე მხარის აგენტ-ინტელექტთან დამოუკიდებლად წარმართავს მოლაპარაკებებს, დადებს კონტრაქტს, შეიტანს ცვლილებებს, ზედამხედველობას გაუწევს შესრულებას. აქ ადამიანის ჩარევა უკიდურესად მინიმალურია.

🕚ეს ფუტურისტული იდეა უკვე გზაშია....

21/01/2026

🔴 ნაფიც მსაჯულთა სისტემა უქმდება (UK) - სამართალი კრიზისულ დროებაში თუ ნავიგაცია ცვლილებების კვალდაკვალ - 2.

🔷900 წლიანი ისტორიული განვითარების ფონზე, ინგლისში ინიცირებულია საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც სისხლის საქმეების 90%-ზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემა უქმდება. ატლანტის ოკეანის აქეთა მხარეს სამართლის სისტემა ღერძისეულ შემოტრიალებს აკეთებს.

🔎 რეფორმის ოფიციალური რაციონალი:
- შენელებული მართლმსაჯულების ასწრაფება: 2025 წლის ბოლოს ნაფიც მსაჯულთა რიგში მდგომი, სისტემაში გაჭედილი საქმეების რაოდენობა 79 616-ზე ავიდა.
- ასეთი კრიზისი რომც არ დამდგარიყო, რეფორმას მაინც გავატარებდით.

🔎 იურიდიული პროფესიული წრე და ფართო საზოგადოება:
- კომუნიზმი ბრუნდება;
- ხალხის იოლად და მასიურად ჩაყრა ციხეში;
- ადამიანების განძარცვა ფუნდამენტური უფლებებისგან;
- მაგისტრატი მოსამართლეები ბუნებრივად დაექვემდებარებიან სისტემას, რომელიც დაინტერესებულია პატიმართა რაოდენობისა და მსჯავრდების განაჩენების განაკვეთის აწევით.

⁉️ ურთიერთსაპირისპირო დასაბუთებები:
✅იუსტიციის სამინისტრო:
- ნაფიც მსაჯულები, როგორც წესი, მსჯავრდების მიმართ რეზისტენტულები არიან, გარდა გამოკვეთილი სექსუალური ძალადობის საქმეებისა;
- მათ არ ევალებათ დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება;
- სისტემა არა არის უნაკლო: ექთნის, ლუსი ლეთბის არასწორი მსჯავრდება ნაფიცმსაჯულების მიერ (7 ჩვილის მკვლელობა და 7 ჩვილის მკვლელობის მცდელობა), რომლის სიმცდარეც გამოვლინდა მხოლოდ წლების შემდეგ სამედიცინო ექსპერტიზით.

✅პროფესიული წრის არგუმენტები:
- ნაფიც მსაჯულთა სისტემა სახელმწიფო ძალის შემაკავებელი ძალაა;
- ნაციც მსაჯული ზომავს მხოლოდ განსასჯელის შინაგან პატიოსნებას, რაც ბევრად ნაკლებად შეუძლია ერთ მოსამართლეს, ვიდრე კოლექტიურ ინტელექტს, რომელიც ასწორებს ინდივიდუალურ შეცდომას;
- ნაციც მსაჯული აფასებს საკითხებს, რომელიც არ არის წმინდაწყლის სამართლებრივი ანდა ტექნიკური, არამედ ადამიანური, სოციალური და მორალური, რომელიც მხოლოდ მოსამართლემ არ უნდა გადაწყვიტოს;
- მოსამართლესა და ნაფიცებს შორის ფუნქციების დაყოფა სამართლიანად აკუთვნებს მოსამართლეს ლეგალური კანონიერების, ხოლო ნაფიც მსაჯულებს - ფაქტობრივი ლეგიტიმურობის ნაწილს.

🟢 მიუხედავად გაცხადებული არგუმენტისა (მართლმსაჯულების ეფექტურობის გაზრდა), აშკარაა, რომ სახელმწიფო გრძელვადიანად განიხილავს გაიოლებულ და მასიურ დაპატიმრებებს, განსაკუთრებით, ემიგრანტების მომძლავრების ფონზე.

16/01/2026

🔍 რა ნიშანდობლივია, რომ

🔶 საცხოვრისის,

🔶 ჯანდაცვისა და

🔶 სოციალური უზრუნველყოფის უფლებები

არ არის პირდაპირ და უშუალოდ დაცული უფლებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.

🔍თუმცა, კონვენციის სხვა მუხლების ძალით, მიგრანტებისათვის ირიბად მაინც ხელმისაწვდომი ხდება ზემოთჩამოთავლილი უფლებების დაცვა.

🔷ასეთი ხვრელების ამოსავსებად, დიდი ბრიტანეთი, შიდა მსჯელობებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დონეზე აქტიურად განიხილავს დატოვოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ECHR და შესაბამისად, ევროპის საბჭოც.

🔷განიხილება ასევე ადამიანის უფლებათა კანონის (Human Rights Act 1998) გაუქმებაც.

✅მიგრანტები მასიურად იყენებენ კონვენციის

✏️ მე-3 (წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან დაცვა),

✏️ მე-8 (პირადი ცხოვრებისა და ოჯახის დაცვა),

✏️ მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და

✏️ მე-14 (დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლება) და

ადამიანის უფლებების შიდა საკანანომდებლო აქტით 1998 დაცულ ანალოგიურ უფლებებს, რომლის ძალითაც ინგლისის სასამართლოები ვალდებულნი არიან არ დაადეპორტირონ ისინი საკუთარ ქვეყნებში.

18/09/2025

რა უნდა იყოს და რეალობაში რა არის იურისტების 'დრაივი' ჩვენს თანამედროვეობაში?

1. შემოსავალი, ფული?

2. მაღალი რეპუტაციის მიღწევის სურვილი საზოგადოების თვალში?

3. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება და მაღალკვალიფიციურობის განცდა?

4. სხვისკენ მიმართული სიკეთის კეთების მისია - აღუდგინოთ სამართალი ხელყოფილს ან დაიცვათ ხელყოფისაგან; სასარგებლო პროექტის მხარდაჭერა, სხვ.?

ეთანხმებით, რომ მე-3 და მე-4 შეიძლება ერთიდაიგივე იყოს, სხვადასხვა კუთხით გაშუქებული?

როგორ ფიქრობთ, 1-ლი და მე-2 თანმდევი შედეგები უნდა იყოს, თუ რეალური 'დრაივები'? სინამდვილეში, თქვენს გარშემო როგორ არის?


წინასწარ დიდი მადლობა ყველას!!

p.s.
შეკითხვების ასეთი თანმიმდევრობით განლაგება დაეყრდნო იურისტების/ადვოკატების ცოცხალ გამოკითხვას.

15/09/2025

რატომ ჩამოერთვა მთავრობებს ფულის თავისუფალი ბეჭდვის უფლება კერძო კორპორაციების სასარგებლოდ და რა კავშირშია ის ამავე კორპორაციებისათვის არჩევნების შეუზღუდავად დაფინანსების უფლების მინიჭებასთან - წინა პოსტის გაგრძელება:

1951 წლიდან დაწყებული და საბოლოოდ უკვე 1980 წელს, აშშ-ს მთავრობას საბოლოოდ აეკრძალა თავისი საქმიანობის თავისივე შექმნილი ფულით დაფინანსება.

ასეთ აკრძალვამდე, მთავრობის დაფინანსების ორი ძირითადი წყაროდან - გადასახადებიდან და სამთავრობო ბონდების სანაცვლოდ სესხების მოზიდვიდან, ამ უკანასკნელით დაფინანსებისას, მთავრობის მიერ სესხებზე გადახდილი პროცენტი კვლავ მთავრობას უბრუნდებოდა, რადგან FED არ იყო ხელისუფლებისგან გამიჯნული. რეალურად, მთავრობა თავისი თავისგან სესხულობდა ფულს.

1980 წლიდან აშშ-ს მთავრობას ფულის სესხად მოზიდვა მხოლოდ კერძო ბანკებისგან შეუძლია, რომლებიც ფულს ჰაერზე ქმნიან, და რომელზე გადახდილი პროცენტიც გადასახადის გადამხდელის ტვირთი და კერძო ბანკების მოგებაა (უცხო ქვეყნების ცენტრალური ბანკებიც შეიძენენ აშშ-ს სამთავრობო ბონდებს თუმცა არსებული დოლარის მარაგით და არა ჰაერიდან დაბეჭდილი ფულით).

საინტერესოა, რომ ანალოგიური სქემით მოეწყო ევროკავშირის მთავრობების დაფინანსებაც, რადგან ECB-ს აკრძალული აქვს EU-ს წევრი ქვეყნების სამთავრობო ბონდების პირდაპირი შესყიდვა მაასტრიხტის ხელშეკრულებით (1992).

რაციონალი ასე დასაბუთდა:
მთავრობებს არ უნდა მიეცეთ წინასაარჩევნოდ ეკონომიკის სტიმულირების უფლება ახალი ფულის დაბეჭდვით და ეკონომიკაში ჩაშვებით; ასევე, არჩევნებისას მთავრობებს არ უნდა შეეძლოთ თავიანთი კანდიდატების დაფინანსება თავისივე დაბეჭდილი ფულით.

ამიტომ, კერძო ბანკებს უნდა გადასცემოდა მთავრობის კრედიტორის ექსკლუზიური როლი, რათა ე.წ. ძალაუფლების კონცენტრაციას არ გამოეწვია მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.

გავიდა სულ 2 ათეული წელი, და კერძო კორპორაციებს მიეცათ არჩევნების შეუზღუდავად დაფინანსების უფლება. ე.ი. ვინც ფულს ქმნის სამთავრობო თუ კერძო ვალის სახით, კვლავ იმასთან გაერთიანდა წინასაარჩევნოდ ფულის შექმნისა და ხარჯვის უფლება.

იგივე სურათი დაბრუნდა, თუმცა ერთი სხვაობით: ფული და ძალაუფლება კვლავ ერთ სივრცეში აღმოჩნდა კონცენტრირებული, თუმცა ეს სივრცე აღარ არის გამჭვირვალე, ხალხისგან პირდაპირ არჩეული და ანგარიშვალდებული. არადა, ძალაუფლებას ბოროტად იყენებს მხოლოდ ის, ვისაც აქვს ეს ძალაუფლება. რა მიზეზებითაც მთავრობას წაერთვა ფულის ბეჭდვის უფლება (არჩევნები, ინფლაცია), იმავე მიზეზებით დასაშვები აღმოჩნდა იგივე ბერკეტი კერძო სექტორის ხელში.

რა გახდა ასეთი ცვლილების რეალური რაციონალი?
უამრავი მიზეზის დასახელება შეიძლება, თუმცა განმსაზღვრელი ალბათ კვლავ ისტორიულად განმეორებადი პატერნია:
მასების მიერ შექმნილი დოვლათის ელიტებში გადაქაჩვა, სადაც სამართალმა გაალეგიტიმურა დოვლათის დინების არხი.

თანმდევი შედეგები ყველასათვის თვალსაჩინოა:

ბოლო 50 წელიწადში საჯარო ხელისუფლებების გამარიონეტება;

ძალაუფლების კერძო სექტორში გადანაცვლება;

ზოგადად, საარჩევნო პროცესის მიმართ ნებისმიერი ნორმალური ადამიანის იმედგაცურების გამოწვევა.

მომდევნო პოსტში განვიხილავთ 800 მილიარდი აშშ დოლარის მასებიდან გადაქაჩვას ელიტებში აშშ-ში 2008 წლის რეცესიის ბეილაუთის სახელით. მასების მიერ არათუ უკვე შექმნილი, არამედ მომავალში შესაქმნელი დოვლათიც ამ ოდენობის ვალის სახით კვლავ ხალხს აკისრია კერძო კორპორაციული კრედიტორების მიმართ, სრულიად ხელოვნურად გამოწვეული კრიზისის შედეგად.

05/09/2025

საჯარო ხელისუფლების თანმიმდევრული მიტაცება კერძო კორპორაციული სექტორის მიერ

როგორც ჩანს, სამართალი უკან მიჰყვება მოვლენებს ემპირიულად და ცდილობს ფორმალურად განამტკიცოს საზოგადოებაში ძალთა ბუნებრივი თუ ძალმომრეობითი გადანაცვლებები.

იურისტებისთვის საინტერესო უნდა იყოს ისტორიულად რა ტექნიკურ როლს ასრულებს სამართალი საჯარო ხელისუფლების კერძო სექტორში ნელნელა გადანაცვლების საქმეში.

კორპორაციებს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ნელნელა მიენიჭა ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ბუნებრივია, ასეთი განვითარებები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დაიწყო და ტალღასავით მოედო დანარჩენ ევროპასაც.

ჩვენს დროებაში, არავისთვის აღარაა გასაკვირი იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი განცალკევებული კორპორაციული პიროვნულობა, იურიდიული პირის ქონებრივი, სახელშეკრულებო და სამართლიანი სასამართლოს უფლებები.

თუმცა, გასაკვირი ისაა, რომ კორპორაციებისათვის მიკუთვნებული ეს უფლებები სასამართლოს გადაწყვეტილებებით გაფართოვდა

სიტყვის თავისუფლების,

დისკრიმინაციისაგან დაცვის,

არჩევნებში ფულის შეუზღუდავად ხარჯვისა და

რელიგიური უფლებების დონეზეც კი.

კორპორაციებისათვის თავისუფალი გამოხატვის უფლების მიკუთვნების თავდაპირველი რაციონალი იყო მისი გამომცემლობებისთვის და კვაზი-საჯარო ფუნქციების მქონე ინსტიტუტებისთვის მინიჭება, რადგან ისინი სარგებლობდნენ მაღალი საჯარო ნდობით.

მე-20 საუკუნემ სურათი რადიკალურად შეცვალა:

1978 წელს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით Boston v. Bellotti კორპორაციებს მიენიჭათ სიტყვის თავისუფლება პოლიტიკურ სფეროში: ნებადართული იქნა პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის მიზნით ფულის ხარჯვა.

2010 წელს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს წყალგამყოფი გადაწყვეტილებით Citizens United v. FEC კორპორაციებს მიეცათ არჩევნებში ფულის შეუზღუდავად ხარჯვის უფლება, სადაც ფულის ხარჯვა სიტყვის თავისუფლების რეალიზაციად გამოცხადდა, ხოლო ფული, - სიტყვის თავისუფლების იარაღად.

ასეთ პოლიტიკურ აქტივობებზე გაწეული დანახარჯები შეუზღუდავია, ხოლო მათი შეზღუდვის მოთხოვნა, - ანტიკონსტიტუციური.

სასამართლომ ტექნიკურად განასხვავა ‘დამოუკიდებელი საარჩევნო დანახარჯები’ ‘კონკრეტული კანდიდატებისთვის შეწირული კონტრიბუციებისაგან’, თუმცა ამ ე.წ. 'დამოუკიდებელი დანახარჯებით' თავისუფლად შესაძლებელია კონკრეტული კანდიდატებისა და მათი პოლისის მხარდაჭერა ან უკიდურესად გაკრიტიკება, მათი არჩევისკენ ან არარჩევისკენ მოწოდება, მთავარია კონკრეტულ კანდიდატზე არ მოხდეს ფულის კონტრიბუცია.

თუკი კანდიდატს ფული იმიტომ სჭირდება, რომ სწორედ იმას მიაღწიოს, რასაც ე.წ. ‘დამოუკიდებელი ხარჯვები’ აღწევს, მაშინ რა აზრი აქვს ამ ორი ტიპის კონტრიბუციის ტექნიკურად დაყოფას?

ამ საკითხების მხოლოდ სამართლებრივად შეფასება არ იქნებოდა რეალური სურათის მომცემი, თუკი აქვე არ გავიხსენებთ რა გახდა აშშ-ს მონეტარული პოლიტიკის მთავრობისათვის ჩამორთმევისა და კერძო სექტორისთვის (ცენტრალური ბანკისთვის) გადაცემის საფუძველი.

მომდევნო პოსტში შევეცდები შემოგთავაზოთ ამ სამართლებრივი საკითხების ეკონომიკური რაციონალის განმარტება.

01/09/2025

თეორია vs პარადოქსული პრაქტიკა - წინა პოსტის გაგრძელება

კლასიკური თეორია კომპანიის დაფინანსების ტვირთს ზომავს კრედიტორზე და პარტნიორზე გადახდილი სარგებლის განაკვეთით.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თეორია სინამდვილეში გვერდს უვლის კომპანიის ტვირთის სწორად გაზომვას.

უმარტივესი მაგალითი:
(1) კრედიტორი კომპანიაზე გასცემს 100 ლარის სესხს წლიური 9%-ით;
(2) პარტნიორს კომპანიაში შეაქვს 100 ლარის კაპიტალშენატანი წლიური 20%-იანი დივიდენდის მოლოდინით.

წლის ბოლოს, კრედიტორი მიიღებს 109 ლარს, ხოლო პარტნიორი, მოგებისას, - 20 ლარს (გადასახადებს არ ვქვითავთ, არ გვიცვლის სურათს).

კომპანიის ტვირთის გაზომვისას, თეორია მხოლოდ ბენეფიციარების სარგებლის ანდა გროს საკუთრების თანხებს ადარებს ერთმანეთს, მაგ:
9 vs 20 ლარი; 109 vs 120 ლარი.
თუმცა, არსად არ გვხვდება 109 და 20 ლარის შედარება მატერიალურ დროში.

გადამხდელის ტვირთის შესაფასებლად ალბათ საუკეთესო მაგალითად გამოგდება სახარებისეული ეპიზოდი ქვრივის ორი ლეპტის შესახებ, სადაც ღარიბი ქვრივის მიერ საგანძურში ჩაგდებული 2 ლეპტა უფრო მეტად შეფასდება, ვიდრე ერთობლივად ყველა მდიდრის მიერ უხვად გაღებული ფული, რადგან ერთი თავისი შეჭირვებისაგან გაიღებს მთელ თავის საბადებელს, ხოლო მეორენი, - თავიანთი ნამეტნავისაგან მხოლოდ ზედმეტს.

თეორიაში, სესხის ძირი თანხა კომპანიას ტვირთად არ მიეწერება, რადგან მან ისეთი თანხა მიიღო, რაც მანამდე ისედაც არ ჰქონია. ამიტომ, მისთვის ხარჯად არ უნდა ჩაითვალოს იგივე ოდენობის თანხის ბიზნესიდან ამოღება და კრედიტორისათვის დაბრუნება. ე.ი. ტვირთი თითქოს მხოლოდ 9%-იანი სარგებლის გადახდაა.

გასაგებია, რომ კრედიტორს არ სურს გარისკოს ფული ბიზნესში და ამიტომ, კონტრაქტით დაცული საფუძვლით გასცემს სესხს. თუმცა, გაუგებარია, ასე უპირობოდ დასაბრუნებელი კრედიტის ძირი თანხა, სიმძიმით და სირთულით რატომ უთანაბრდება ბიზნესის მიერ სარისკო პირობებში ამოსაღებ იგივე ოდენობის თანხას?

ასეთი პრიმიტიული გათანაბრება უგულებელყოფს კომპანიის რეალური ტვირთის გაზომვას, რადგან ფული ბიზნესიდან უპირობოდ არ ამოდის და ძირი თანხის დაბრუნებაც ტვირთია.

კომპანიისათვის ბევრად მსუბუქია კაპიტალშენატანით დაფინანსება, რადგან კაპიტალშენატანი კომპანიის საკუთრება ხდება სამუდამოდ, მისი დაბრუნების ვალდებულების გარეშე და მისი ბიზნესში დაკარგვის უფლებამოსილებით.

შედეგად, რა უფრო მძიმე და ხარჯიანი გამოდის კომპანიისთვის?
(1) სესხის ძირის და სარგებლის უპირობოდ და უპირატეს დროში დაბრუნება, როცა კომპანია მოგებაზე შეიძლება არც იყოს, ფული არ ჰქონდეს და ახალი სესხის აღება მოუწიოს?
თუ,
(2) დივიდენდის გაცემა მაშინ, როცა ყველა კრედიტორი გასტუმრებულია და მხოლოდ დარჩენილი ნაღები უნდა მისცეს პარტნიორს, +12 თვე დარჩეს გადახდისუნარიანი?

პრაქტიკაში, პარტნიორები მილიონობით ოდენობის სესხებს გასცემენ საკუთარ კომპანიებზე და ბევრად დაცულ პირობებში იბრუნებენ ძირს და პროცენტს.

ზოგიერთ რადიკალურ შემთხვევაში, პარტნიორები მუდმივ ზარალზე ინარჩუნებენ საკმაოდ მასშტაბური ბრუნვის კომპანიებს, რათა ფული იმთავითვე კრედიტორის სტატუსით გაიტანონ.

რეალურად, კომპანიას კრედიტით დაფინანსება უფრო ძვირი უჯდება და ეს არ არის კავშირში სესხის სარგებლის განაკვეთის სიმცირესთან დივიდენის მაღალ განაკვეთთან შედარებით.
იგივე პრინციპი მუშაობს მრავალწლიან პერსპექტივაზე compound დივიდენდის შემთხვევაშიც.

25/08/2025

კომპანიის დაფინანსების კლასიკური თეორია და პრაქტიკის პარადოქსული მაგალითები

ალბათ ყველა იურისტი დამეთანხმება, რომ კორპორაციული დაფინანსების კლასიკური სწავლებით, წარმატებულ კომპანიას პარტნიორის კაპიტალშენატით დაფინანსება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე კრედიტორის სესხის მომსახურება.
ამ წესის მიხედვით, პარტნიორი უფრო მეტ ამონაგებს იღებს წარმატებული კომპანიიდან, ვიდრე კრედიტორი. ხოლო წარუმატებელი კომპანიიდან, პირიქით, კრედიტორი პარტნიორზე მეტ სარგებელს იღებს.

სტანდარტული დასაბუთება საყოველთაოდ ცნობილია:
- სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი ბევრად უფრო დაბალია (მაგ. 9%), ვიდრე წლიური დივიდენდის ის განაკვეთი (მაგ. 20-30%%), რასაც პარტნიორი მოითხოვს ფულის დაბანდების სანაცვლოდ.
- მიზეზი, თუ რატომ მოითხოვს ან მოელის პარტნიორი ამონაგების გაცილებით მაღალ პროცენტს, უკავშირდება ბიზნესის სტანდარტულ რისკებს:
- დივიდენდის მისაღებად აუცილებელია, რომ კომპანია მოგებაზე გავიდეს;
-კრედიტორებთან შედარებით, პარტნიორი გადახდების ბოლო რიგშია, როგორც დივიდენდის გაცემისას, ისე გადახდისუუნარობისას;
- პარტნიორმა შეიძლება მთლიანად დაკარგოს დაბანდებული ფული;
- დივიდენდები ხარჯებში არ იქვითება (მოგების განაწილებას საგადასახადო უპირატესობა არ აქვს);
- დივიდენდის გაცემამდე, აუცილებელია კომპანიის მოგების დაბეგვრა, რაც ზრდის ხარჯებს (ე.წ. ორმაგი დაბეგვრა);
- კანონი არ ავალდებულებს კომპანიას დივიდენდები აუცილებლად გადაიხადოს. კომპანიას შეუძლია რეინვესტირება.

კრედიტორი, თავის მხრივ, რომელიც გაცილებით დაბალ პროცენტს (მაგ. წლიური 9%) ითხოვს, ერთგვარ დაცულ საფარშია:
- კანონით სავალდებულოა სესხის უპირობოდ გადახდა: გადაუხდელობა აღსრულდება იძულებით, ხოლო ვადაგადაცილება ჯარიმდება დამატებითი ფულადი გადასახდელით;
- კრედიტორი თავისი კრედიტის ძირს და პროცენტს იბრუნებს მიუხედავად იმისა, კომპანია მოგებაზე გავა თუ არა;
- როგორც კომპანიის ლიკვიდურობისას, ისე გადახდისუუნარობისასაც, კრედიტორი გადახდების პირველ რიგებშია;
- სესხის პროცენტი გამოსაქვით ხარჯებში გადის (სესხის მომსახურებას საგადასახადო უპირატესობა აქვს);
- კომპანია სესხის მომსახურების საფუძვლით არანაირ გადასახადს არ იხდის. ე.ი. კომპანიის მხრიდან კრედიტორის მოგებაზე მუშაობა საგადასახადო კუთხით წახალისებულია.

კომპანიის დაფინანსების ამ კლასიკური თეორიის ფონზე, ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც, კომპანიას უფრო ძვირად უჯდება პარტნიორის დაკმაყოფილება (cost of equity funding), - დივიდენდის მაღალი განაკვეთია, რომელსაც პარტნიორი მოელის შეტანილი კაპიტალის სანაცვლოდ.

თეორიულად ხომ შესანიშნავად ჟღერს ეს დასაბუთება?

უახლოეს პოსტში შევეცდები შემოგთავაზოთ რამდენიმე პარადოქსული მაგალითი, სადაც რიცხვებით გავზომავთ წარმატებული კომპანიის, პარტნიორისა და კრედიტორის ტვირთსაც და სარგებელსაც.

პარადოქსის სასარგებლოდ ვიტყვით იმასაც, რომ დიდი ხანია პარტნიორებმა თავად დაიწყეს საკუთარ კომპანიებზე სესხის გაცემა.

შენიშვნა:
ჩვენი ფოკუსის ქვეშ ამჯერად კომპანიაა და კომპანიის ვალდებულებების ტვირთის გაზომვა პარტნიორისა და კრედიტორის მიმართ.

თორემ, ცალკე აღებულ პარტნიორს, დივიდენდის გარდა, შეუძლია ბაზარზე წილის გაყიდვითაც გამდიდრდეს (ან ვერ გამდიდრდეს), რაშიც კომპანიას ხარჯის გაწევა არ უწევს.

17/08/2025

ვინ ქმნის ფულს?

და, როგორ მომართეს სამართალი ფულის წარმოქმნის გასაფორმებლად?

კრიტიკულად მოაზროვნე პრაქტიკოსები და აკადემიკოსები ასაბუთებენ, რომ როგორც ‘ბიგ ფარმამ’ მოიპარა მედიცინა, ისე FED-მა მთლიანად იყიდა ეკონომიკის პროფესია. ის, რასაც კლასიკურ ტექსტბუქებში გვასწავლიან და რაც უტყუარ კონცეპტებად გვებეჭდება ტვინში, მათი მტკიცებით, აკადემიურად გადაფარული რეალობაა.

2 წუთითაც რომ წარმოიდგინოთ ასეთი გაორებული რეალობა თქვენს ნებისმიერ პროფესიაში, დაინახავთ, რომ ლამის უტყუარი კანონზომიერებების დონეზე გვაქვს გამჯდარი კლასიკური ტექსტბუქები, რომლისთვისაც ეჭვის თვალით არასოდეს შეგვიხედავს, რადგან აზრად არ მოგვსვლია, რომ ამას შეიძლება სხვა სარჩული ჰქონდეს.
მაგალითად, საბანკო კრედიტის კონტრაქტის დასადებად საკმარისია ბანკის მიერ სესხის გაცემის დაპირება (სკ 867). ე.ი. არ არის აუცილებელი, მხოლოდ მოქმედებით (გასესხებით) დაიდოს კონტრაქტი, რაც სესხის კონტრაქტის თვისებაა (სკ 623).

კლასიკური ეკონომიკის სწავლებით, საბანკო სისტემა, როგორც ფინანსური შუამავალი, კრედიტებს გასცემს მიღებული დეპოზიტებიდან. მაგრამ როცა ბანკს არ აქვს საკმარისი დეპოზიტები, საამისოდ, უნდა მომზადდეს კანონი, რომელიც იტყვის, რომ ბანკს დეპოზიტები აქვს მაშინაც, როცა ის სინამდვილეში არ აქვს.

კერძოდ, როცა საბანკო კონტრაქტით ბანკი დაგპირდებათ სესხის მოცემას, ეს დაპირება იქცევა ბანკის ვალდებულებად თქვენს მიმართ. კანონი კი განმარტავს, რომ ბანკის ვალდებულება კლიენტის მიმართ არის კლიენტის დეპოზიტი. როგორც ჰაერიდან შეიქმნა დეპოზიტი, სწორედ ასევე ჰაერიდან გაჩნდება საკრედიტო ფულიც. რეალურად, ფულის 97% ასე იქმნება კომერციული ბანკების მიერ.

ეს პრაქტიკა მოყვანილია ინგლისის საბანკო სისტემის მაგალითზე, სადაც ‘ლონდონ სითი’, ე.წ. ‘ერთი კვადრატული მილი’ არ ექვემდებარება სახელმწიფოს, მონარქს, აქვს სუვერენიტეტი და ტერიტორიულადაც არ შედის გაერთიანებულ სამეფოში. ე.ი. ფული მაღლა დგას მონარქზე. ჰყავს მუდმივი წარმომადგენელი პარლამენტში, რათა უზრუნველყოს, რომ ‘ლონდონ სითის’ ფინანსური სისტემის წინააღმდეგ რაიმე კანონი არ იქნება მიღებული.

ჩვენი სამოქალაქო კოდექსით, ბანკს შეუძლია კრედიტის კონტრაქტი დადოს არა მხოლოდ კრედიტის გაცემით, არამედ კრედიტის გაცემის დაპირებითაც (ბანკი 'მოვალეა' მისცეს კრედიტი...).
ბანკები დიდი ხანია აღარ არიან ფინანსური შუამავლები, არამედ ქმნიან საკრედიტო ფულს ჰაერიდან, რის გასამყარებლადაც მოიმსახურებენ სამართალს. სამართლის მიხედვით ხომ აშკარაა, რომ ფორმალურად ჯერ 'დეპოზიტი მიიღო' ბანკმა და შემდეგ გასცა კრედიტი! რეალობაში კი, დეპოზიტის მიღებამდე ფული გაიცა ჰაერიდან. ფრაქციული სარეზერვო ბანკინგი ზოგიერთ ტექსტბუქში მაინც არ ფარავს ამ საკითხს სრულად.

ამასობაში, ჩვენ უნივერსიტეტებში ვსწავლობთ კლასიკურ ტექსტბუქებს და აზრადაც არ მოგვდის, რომ ჩვენ თვითონ ვხდებით სისტემისთვის სასარგებლო პროდუქტები.

რაიმეს გადაჭრით თქმა რთულია, თუმცა მაინც ძალიან სასარგებლოა კრიტიკულად შევხედოთ კლასიკურ ტექსტბუქებსაც. შეუიარაღებელი თვალით ჩვენ სარჩულს ალბათ მაინც ვერ დავინახავთ, რადგან მისი დანახვა შეუძლია მხოლოდ სისტემაში 20 წლის მუშაობის გამოცდილების მქონე ხალხს, რომელთაც ჰყოფნით სიმამაცე და გამბედაობა, რომ კრიტიკული სიმართლე ზედაპირზე ამოიტანონ.

ვისაც დაგაინტერესებთ, ერთერთი მაგალითია რიჩარდ ვერნერის ‘იენის პრინცები’.

14/08/2025

მსხვილი კომერციული ბანკები საქართველოში დიდი ხანია გასცდნენ მარეგულირებლის აუცილებელ კონტროლს.

ეროვნული ბანკი თვალს ხუჭავს ბანკების გამომძალველურ სქემებზე და მისი კონტროლი უაღრესად ზედაპირულია.

საბანკო სისტემა იმდენად თვითნებურ დომინანტურ ძალად იქცა, რომ მარეგულირებელი და სასამართლო მათთვის ბარიერს არ წარმოადგენენ.

დროდადრო, კონტროლის ტესტს როგორ ჩააბარებს სასამართლო, ამას მხოლოდ პრაქტიკა გამოავლენს:

პრაქტიკული მაგალითი:

ბანკი 400 000 $-ით აკრედიტებს ბიზნესს და იპოთეკაში ჩაიდებს, როგორც კომპანიის კუთვნილ საოფისე ფართს (300 000$), ისე ყველა პარტნიორის 6 საცხოვრებელ ბინას.

კოვიდის ფონზე ბიზნესი ვეღარ ფარავს სესხს.

ბანკს არ სურს იძულებითი აღსრულების უსიამოვნება, არამედ სურს მხოლოდ ფულის უმტკივნეულო ნაკადებთან საქმის დაჭერა. ამიტომ, გადაწყვეტს ერთი უშუალო და პირდაპირი მოვალის (კომპანიის) ნაცვლად, ყველა პარტნიორი თავის უშუალო მოვალედ აქციოს. საამისოდ, ბანკი მოიფიქრებს გარეგნულად თითქოს მიმზიდველ, მაგრამ სინამდვილეში უაღრესად გამომძალველურ სქემას.

იპოთეკის რეალიზაციის შიშით, ბანკი 'არწმუნებს' მესაკუთრეებს, რომ ქონებები დასაკუთრების კონტრაქტით გადასცენ ბანკს საბაზრო ღირებულებაზე 30-40% დაბალ ფასად, რათა შემდგომ, მესაკუთრეებმა უფრო იოლად, შედარებით დაბალ ფასად გამოისყიდონ ქონებები ბანკისგან. ერთი შეხედვით, თითქოს ამაზე კეთილშობილური შეთავაზება რა უნდა იყოს?!

სინამდვილეში, პარტნიორები ბანკს საკუთრებაში გადასცემენ 600 000$-ის საბაზრო ღირებულების ქონებებს 400 000$-ის ვალის ჩასაქრობად. ბანკი მდიდრდება 200 000$-ით, კრედიტი იხურება და მეორე დღესვე იდება გამოსყიდვის კონტრაქტები +40%-ით გაზრდილი ღირებულებით. ბანკისთვის რა იქნებოდა უფრო ლიკვიდური ბაზარი, თუ არა ძველი მესაკუთრეები, რომლებიც ამავე ოფისში მუშაობენ და ამავე ბინებში ცხოვრობენ ოჯახებთან ერთად? გამოსყიდვის პერიოდზე (18 თვე) ძველმა მესაკუთრეებმა ბანკს დამატებით ქირაც უნდა უხადონ + დღგ.

შედეგად, ბანკს 1 გადამხდელის ნაცვლად, გაუჩნდა 6 ახალი გადამხდელი თვისობრივად ძველ კრედიტზე.
ბანკმა თან იპოთეკა დაარეალიზა, თან ვალი ჩააქრო და თან მისთვის გადახდების ნაკადები/გადახდის ვალდებულება არ შეწყვეტილა.

თუკი პარტნიორები ბინებს ვერ გამოისყიდიან 18 თვეში, ბანკი დაიწყებს გამოსახლებას და საკუთრებაში დარჩება 40%-ით მეტი ღირებულების ქონებები.

თუკი პარტნიორები შეძლებენ ბინების გამოსყიდვას, ბანკი მდიდრდება ასევე 40%-ით გაზრდილი საფასურით, რომელიც ამ გამოსყიდვაში ფაქტორირდა. და ასევე, თავიდან აირიდებს იძულებით აღსრულებას.

რა სტანდარტით უნდა ემოქმედა ბანკს?

ბანკს საბაზრო ფასით რომ დაესაკუთრებინა ქონებები, 7 ქონების ნაცვლად მხოლოდ 2 ქონებაც კი საკმარისი აღმოჩნდებოდა 400 000$-ის ვალის ჩასაქრობად.

რეალურად კი, ბანკმა იპოთეკები გამოიყენა არა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, რისთვისაც ის კანონით არსებობს, არამედ რბილი შანტაჟის იარაღად. ბანკის მიზანი არასოდეს ყოფილა იპოთეკის რეალიზაცია, არამედ ლიკვიდური ნაკადების მიღება.

ბანკს რომ მართლა კანონიერად დაერეალიზებინა იპოთეკები, მხოლოდ 2 ქონებით ჩაქრებოდა ბიზნეს კრედიტი, გადარჩებოდა 5 საცხოვრებელი ბინა და დღეს ბანკის ვალი არ ექნებოდა 6 ფიზიკურ პირს.

მაგრამ ბანკმა გადაწყვიტა უფრო მეტად და უფრო იოლად გამდიდრება.

08/08/2025

საბანკო ანგარიშებზე ორმაგი და სამმაგი ყადაღის გავრცელების პრობლემატიკა:

1. აღსრულების ყადაღები:
თუკი თქვენს საბანკო ანგარიშებზე გავრცელდა აღსრულების ყადაღა, ჯამში, 100 ლარის ფარგლებში, აღმოაჩენთ, რომ სხვადასხვა ბანკებში 3 ცალკეული ანგარიშის არსებობისას, სამივე ანგარიშზე 100-100 ლარი გაგეყინებათ (300 ლარი), სანამ ან ნებაყოფლობით არ გადაურიცხავთ ბიუროს 100 ლარს ან სანამ უშედეგოდ არ გავა ნებაყოფლობითი აღსრულების 7-დღიანი ვადა. ნებაყოფლობითი აღსრულების პერიოდში 100 ლარი შეიძლება არ ჟღერდეს წარმოუდგენელ სირთულედ, მაგრამ თუკი აღსასრულებლად მიქცეული კრედიტორის მოთხოვნა 20 000 ლარია და 60 000 ლარი გაგეყინებათ, არ არის ეს საკუთრების უფლების წარმოუდგენელი შეზღუდვა?! ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, როცა ანგარიშებზე საკმარისი თანხა არ გაქვთ, ნებისმიერ ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ბიურო, ბუნებრივია, წაიღებს არაუმეტეს 20 000 ლარისა, თუმცა ამ მომენტამდე, თქვენს თითოეულ ანგარიშზე 20 000-20 000 ლარის ფარგლებია გაყინული.

2. საპროცესო უზრუნველყოფის ყადაღები:
სასამართლოში ხართ მოპასუხე და მოსარჩელის სარჩელის უზრუნველსაყოფად თქვენს ანგარიშებზე 20 000 ლარის ფარგლებში გავრცელდა ყადაღა. თუ გაქვთ 2 ან მეტი საბანკო ანგარიში, აღსრულების ბიურო ყველა ანგარიშზე ცალცალკე 20 000-20 000 ლარის თანხებს გაგიყინავთ და, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ სასარჩელო წარმოება არ დასრულდება (7-8 წლის პერსპექტივა). გამოდის, რომ სასურველია, გქონდეთ მხოლოდ 1 საბანკო ანგარიში, რაც, თავის მხრივ, არანაკლებ შემზღუდავია.

რა არის პრაქტიკული გამოსავალი, როცა კანონი არ არის საკმარისად დეტალიზებული?
1. აღსასრულებლად მიქცეული მოთხოვნის აღსრულებისას, ბიუროს ნებაყოფლობით უნდა ჩაურიცხოთ მოთხოვნილი თანხა, და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლებს ბიურო დუბლირებულ ყადაღებს;
2. საპროცესო ყადაღებისას, სასამართლოს თქვენმა ადვოკატმა უნდა მიმართოს შუამდგომლობით, რომ განჩინებაში სპეციალური ჩანაწერით მოსამართლემ დაავალოს ბიუროს, რომ ერთერთ ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობისას, ბიურომ იგივე ოდენობის თანხები სხვა ანგარიშზე დუბლირებულად აღარ გაყინოს. ანდა, თუკი ორ ანგარიშზე განთავსებული თანხები საბოლოოდ საკმარისია, მხოლოდ ამ თანხების ისეთი ჯამი გაყინოს, რაც მოთხოვნილია მოსარჩელის მიერ. ეს პრაქტიკა ახლახანს დამკვიდრდა და ასეთი განჩინებები უკვე გამოდის.

გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ზოგადი ტიპის ჩანაწერი, რომ მაგ. 20 000 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედოს მოპასუხის ანგარიშებს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჯამში მხოლოდ 20 000 ლარი გაგეყინოთ სხვადასხვა ანგარიშებზე.

თუკი ასეთი სპეციალური განჩინება არ არის გამოსული, მოპასუხეს მოუწევს განცხადებით მიმართოს ბიუროს თავმჯდომარეს და ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს 20 000 ლარი სხვა ანგარიშების გათავისუფლების სანაცვლოდ.

საინტერესოა, რომ ხარვეზის ტექნიკური მიზეზი სხვადასხვა ბანკის ჩართულობაა, რომლებიც ვერ ხედავენ მოვალის სხვადასხვა ანგარიშებს სხვადასხვა ბანკებში, თუმცა ეს ბიუროს ვერ ამართლებს, რადგან მას აქვს სახელმწიფო იძულების ექსკლუზიური მექანიზმი. რაც მთავარია, ბიუროს შეუძლია პროაქტიული მოქმედებით თავად გამოიკვლიოს ბანკებისგან ანგარიშების მდგომარეობა და თავადვე, პროაქტიულად მოხსნას დუბლირებული ყადაღა.

დასკვნა შეიძლება იყოს ის, რომ თუკი მოვალემ პროაქტიულად და ინფორმირებულად არ იმოქმედა, ის ზომაზე მეტად დაზიანდება და შეიზღუდება საკუთრების უფლების ყველაზე ლიკვიდურ ნაწილში - საბანკო ანგარიშების განკარგვაში.

Address

61 Davit Aghmashenebeli Avenue , Mosaic Business Centre, Floor 5
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GSL Law Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share