04/06/2026
❗️❗️❗️
'' სამწუხაროდ, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტები ახალი აღარ არის.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ბოლო პერიოდის მძიმე მოვლენები, მათ შორის გორში მომხდარი შემთხვევა, სადაც გავრცელებული კადრების მიხედვით, მოქალაქეზე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო ძალადობას ჰქონდა ადგილი.
აღნიშნულ ფაქტამდე ორი დღით ადრე 25 მაისს, ქ. თბილისში, ჩემს დასაცავ პირთან საცხოვრებელ სახლში პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ. ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 10 პოლიციელი, მათ შორის ერთი ქალი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებით, სამართალდამცავები საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ანადგურებდნენ და აზიანებდნენ ყველაფერს.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ჩხრეკის კანონიერ საფუძველთან დაკავშირებით არ ყოფილა წარმოდგენილი არც მოსამართლის განჩინება და არც გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა არსებობდეს.
ყველაზე მძიმე კი ის გარემოებაა, რასაც ჩემი დასაცავი პირი აღწერს. საუბარია ქალზე, რომელსაც გადატანილი აქვს ინსულტი და ჩატარებული აქვს არაერთი ოპერაცია კისრისა და ყელის არეში. მისი განცხადებით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ერთ ქალს რამდენიმე მამაკაცი აკავებდა, ურტყავდნენ თავის არეში, უჭერდნენ მკლავებს, ახორციელებდნენ ზეწოლას ყელის ნაოპერაციებ არეში, რის გამოც მას სუნთქვა უჭირდა. როგორც თავად აღნიშნავს, აღნიშნულის შესახებ არაერთხელ მიუთითა პოლიციის თანამშრომლებს, რომ სუნთქვა უჭირდა, თუმცა მათი დამოკიდებულება იყო ირონიული.
ამასთან, მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, გინებასა და დამამცირებელი გამონათქვამების გამოყენებას. ასევე ისმოდა მუქარები ოჯახის წევრის მიმართ, მათ შორის მძიმე და შემაშფოთებელი შინაარსის. საუბარი იყო მტკიცებულების შესაძლო „ჩადების“ მუქარაზეც.
ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რა შედეგამდე მივა საქმე და დადგება თუ არა პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით უცნობია. სამწუხარო რეალობა კი ის არის, რომ არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ფაქტების მიუხედავად, გამოძიება საერთოდ არ იწყება, რაც მოქალაქეებში უსამართლობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს.
კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს, მათ შორის მათთვისაც, ვისაც მისი დაცვა ევალება. როდესაც მოქალაქე საკუთარ სახლში უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს თავს, ბუნებრივია ჩნდება მთავარი კითხვა: ვინ დაიცავს მოქალაქეს, თუ ძალადობის წყარო თავად ის სისტემაა, რომელიც მის დაცვას უნდა ემსახურებოდეს?''