07/05/2026
23/6 მაისი - წმიდისა დიდებულისა, დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისა (303); მოწამისა ალექსანდრა დედოფლისა
------------------..როდესაც გიორგი მეფის წინაშე წარსდგა, დიოკლეტიანემ ვედრება დაუწყო, რომ კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა და ჯილდოდ დიდძალ სიმდიდრესა და პატივს აღუთქვამდა. ხოლო მიყენებული ტანჯვისათვის პატიებას ითხოვდა. წმინდა გიორგიმ მიუგო მას: „რადგან ჩემს წინაშე შეინანე და შენთვის სიხარულის მომნიჭებელია, რომ კერპებს შევწირო მსხვერპლი, მოდი და წავიდეთ შენი ღმერთების სამყოფელში“. მეფემ გაიხარა და თავის სახლობასა და მთელ თავის მხედრობას უბრძანა, წასულიყვნენ ტაძარში და ყველასათვის ეხარებინათ, რომ აპოლონმა სძლია ქრისტიანთა ღმერთს.
როგორც კი ნეტარი ტაძარში შებრძანდა, სამარისებური სიჩუმე გამეფდა, ხოლო ქრისტეს მოწამე წარსდგა აპოლონის კერპის წინაშე და მიმართა მას: „შენ ხარ ღმერთი და გშვენის რომ კაცნი გემსახურებოდნენ?“ ეშმაკმა, რომელიც კერპში იყო ჩაბუდებული, ხმა ამოიღო და თქვა: „არც მე ვარ ღმერთი და არც ესენი, რომლებიც ჩემთან არიან, არამედ, მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც დაბადა ცა და ქვეყანა, ხოლო ჩვენ, მისი ანგელოზები ვიყავით და როცა უარვყავით, ეშმაკნი გვეწოდა და მას შემდეგ ვაცდუნებთ კაცთა მოდგმას“.
წმინდა გიორგიმ უთხრა მათ: „თუ ღმერთები არა ხართ, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა, როცა მე, ქრისტეს - ჭეშმარიტი ღმერთის - მონა აქ ვიმყოფები“ და ამ სიტყვასთან ერთად გადასახა ჯვარი. უეცრად შეიქმნა დიდი შფოთი, გოდება, და გლოვა ეშმაკთა, და ყველა კერპი, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა, ერთბაშად გადმოვარდა და დაიმსხვრა. როგორც კი საკერპოს ბილწმა ქურუმებმა ეს დაინახეს, შეიპყრეს წმინდა გიორგი და უთხრეს მეფეს: „მოჰკალი ეს გრძნეული, მეფეო, რადგან თავისი მისნობით ხალხი მოატყუა და ღმერთებიც შეჰმუსრა“.
განრისხებულმა მეფემ უთხრა მას: „ბოროტო და ყოველგვარი გრძნეულებით აღსავსევ, შენ არ შემპირდი, რომ ღმერთებს შესწირავდი მსხვერპლს?“ წმინდა გიორგიმ მიუგო: „შე ბრმავ და უკეთურო, ვერა ნახე, როგორც კი ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს მიმართ ლოცვა დავასრულე, მაშინვე დაემხო ყველა თქვენი ცრუ ღმერთი, რადგან უსულო კერპები არიან და უგულისხმოებს აცდუნებენ, ხოლო ქრისტეს მონები ჭეშმარიტი ღმერთის სახელით შემუსრავენ მათ“.
როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: „უძლეველი მხედრის გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო, ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან“. გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის: „უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც“.
მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. მან გზად ჩამოისვენა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს, ხოლო წმინდა გიორგიმ, როგორც კი ადგილზე მიიყვანეს, სთხოვა მათ, რომ ლოცვის დრო მიეცათ. მიაპყრო თვალები ზეცას, აღაპყრო ხელები, ამოიოხრა და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე უწინარეს, რომლისკენაც მოვილტვოდი ჩემი სიყრმიდან, რომელი ხარ ქრისტიანთა სასოება, და რომლის არსებობასაც არა აქვს დასასრული, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და სრული მოწამეობა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე ეშმაკთა სულებისაგან და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. აპატიე ამ წარმართებს ის ბოროტება, რაც უყვეს შენს მონებს და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შესამეცნებელად.
უფალო, მოუვლინე შეწევნა ყველას, ვინც კი უხმობს შენს სახელს და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში, სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდნენ მათ დღესასწაულებსა და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისა. მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან.
უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი, მათი მაცთური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან“. და როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მოდი ჩემო სარწმუნო მონაო და შედი მამაჩემის ზეციურ სამკვიდრებელში. ხოლო რაც მთხოვე, აღგისრულებ და ვინც შენს სახელს მოიხსენებს, ვიხსნი ყოველგვარი განსაცდელისაგან“. და როდესაც სიტყვა დაასრულა, ამაღლდა ზეცად. მაშინ წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და მიუშვირა ქედი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე.
----------------
"წმინდანთა ცხოვრება"