01/07/2022
📢 როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მომრავლდა ფინანსური პირამიდის მსგავსი ე.წ. პროექტები, რომლებიც საკმაოდ მიმზიდველია და პერსპექტიული წინადადებებით გამოირჩევა 🔺 ასეთ სქემებს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ არ აღვიქვათ ინოვაციად 💡 "ტყუილი" ადამიანთა შორის თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და იქნება ყოველთვის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია არ შევიდეთ შეცდომაში და გავთვალოთ ყველა შესაძლო რისკი ✅ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სქემების ავტორები ყველაზე დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობებზე მუშაობას. სწორედ ეს ფაქტორი ასრულებს გადამწყვეტ როლს და არწმუნებს ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს არარეალური შემოთავაზებების განსაკუთრებულობაში 💸
◼️ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში გვხვდება ცალკეული რეგულაციები, რომლებიც გვიცავენ მსგავსი შემთხვევებისგან (მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მექანიზმები), თუმცა ეს რეგულაციები სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფენ ჩვენს დაცვას, თუ ჩვენ თავად არ გამოვიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დასაწყისშივე ⚖️
◼️ პრობლემურია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი სქემები უმეტესად საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მომდინარეობს და ძირითადად ელექტრონული ფორმით. ეს ფაქტი რამდენჯერმე ართულებს ჩვენი უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას 💻
◼️ გაითვალისწინეთ რის სანაცვლოდ გვიხდიან თანხას. ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიერ განსახორციელებელი ქმედებები, რომლისთვისაც გვთავაზობენ ფულის გადახდას იმდენად არარეალურია, რომ დასაწყისშივე შესაძლებელია ამ ფაქტით დაეჭვება. ასეთია მაგალითად, გარკვეულ ლინკებზე გადასვლა, ვიდეოს ყურება (განსაკუთრებით ისეთი ვიდეოს ყურება, რომელიც არ არის სარეკლამო ხასიათის), ღილაკზე ხშირი დაკლიკება, გაურკვეველი წარმომავლობის ვებგვერდებზე გადასვლა, სიარული და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, იქ სადაც არ იხარჯება ჩვენი ინტელექტუალური რესურსი, სადაც არ ვქმნით რაიმე პროდუქტს და ჩვენი ქმედებით არ იღებს სარგებელს დამკვეთი, ძნელად წარმოსადგენია საქმე გვქონდეს რეალურ პროექტთან ❌
◼️ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსგავსი სქემების ავტორები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფულს სინამდვილეში გვიხდიან და ამ ფაქტით ასმაგად უფრო დიდ ნდობას მოიპოვებენ. ეს თავის მხრივ გვარწმუნებს, რომ უსაფრთხოა კიდევ უფრო მეტი თანხის გაღება და გვჯერა, რომ უკან გაცილებით დიდ თანხას დავიბრუნებთ. ეს ყველაფერი არის უბრალოდ მეთოდი, მოიპოვოს სქემის ავტორმა ჩვენი ნდობა 🤝
◼️ ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, თუ რა ინფორმაციას იღებენ ჩვენგან, რამდენადაც შესაძლებელია სქემამ რეალურად გადაგვიხადოს მაგალითად 10$, თუმცა სანაცვლოდ ჩვენგან წაიღონ ინფორმაცია რომელიც გაცილებით მაღალი ღირებულების არის. მათ შორის, შესაძლებელია ამ ინფორმაციით უკანონოდ მოიპოვონ ჩვენივე თანხა 🆘
◼️ გარკვეულწილად მნიშვნელობა აქვს ვინ დგას ამ სქემების უკან. თუმცა, მხოლოდ ამ ფაქტით ვერ ვიმსჯელებთ, რადგანაც იმდენად ხშირი და პოპულარული გახდა მსგავსი სისტემების გამოყენება, რომ საკმაოდ ცნობადი სახეები და კომპანიები ჩაერთვნენ ორგანიზების პროცესში. ეს იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ასეთ პროექტებს კანონიერი სახე ეძლევა და შეიძლება ისე დავკარგოთ თანხა, რომ თაღლითობის ნიშანიც კი ვერ ვიპოვოთ. ყველაფერი გახდა ერთგვარი თამაში, სადაც გვჯერა რომ გარკვეულ ფაქტორებზე არის დამოკიდებული თანხის გამომუშავება. სინამდვილეში ეს არის უბრალოდ თაღლითობის ინოვაციური მეთოდი 🎁
◼️ საფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება იმ პროცენტულ მაჩვენებელს რასაც გვთავაზობენ ჩვენს მიერ დაბანდებული თანხისთვის. აუცილებლად შეისწავლეთ ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული სარგებელი არარეალურად აღემატება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან 📈
◼️ და ბოლოს, ნებისმიერი წამოწყებისას უნდა გავითვალისწინოთ რა სამართლებრივი მექანიზმები გვაქვს ხელთ იმ შემთხვევაში თუ საქმე გვექნება თაღლითობასთან. შესაძლებელია თუ არა ჩვენი თანხის დაბრუნება, ან სულაც შესაძლებელია თუ არა თაღლითის პასუხისგებაში მიცემა. ამასთან, გასათვალისწინებელია იმ თანხის ოდენობა, რომელსაც ვიმეტებთ მსგავსი რისკისთვის. უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს რისკის მასშტაბებს 💵