20/02/2026
🔷️ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება უკანონოდ აშენებული გარაჟის დემონტაჟის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ.
🔷️ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებული განჩინება საქმეზე „დუმიტრასკუ რუმინეთის წინააღმდეგ“.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
🔷️ 1999 წელს მოსარჩელემ კერძო პირისგან გარაჟი შეიძინა. აღნიშნული გარაჟის ფლობის გადასახადს მოსარჩელე 20 წლის განმავლობაში იხდიდა. 2021 წლის 23 ნოემბერს მერიის შესაბამისმა ორგანომ აღნიშნული გარაჟის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმ არგუმენტით, რომ გარაჟი საზოგადოებრივი საკუთრების მიწაზე ნებართვის გარეშე იყო აშენებული. გარაჟის დემონტაჟის ვალდებულება მოსარჩელეს დაეკისრა. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ხელისუფლების ორგანოებში გაასაჩივრა. შესაბამისმა ორგანოებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. 2022 წლის 10 მარტს გარაჟის დემონტაჟი განხორციელდა. სახელმწიფოს მოსარჩელისთვის კომპენსაცია არ გადაუხდია (მე-2-მე-12 პარაგრაფები).
დავის არსი
🔷️ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მოსარჩელე დავობდა, რომ მისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე მის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი გარაჟის დემონტაჟით სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცული მისი საკუთრების უფლება (მე-14 პარაგრაფი).
სასამართლოს შეფასება
🔷️ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მოსარჩელე გარაჟს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა და შესაბამის გადასახადებსაც იხდიდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გარაჟზე მოსარჩელის საკუთრების უფლება სასამართლომ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით ნამდვილად სახეზეა „საკუთრება“ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის გაგებით (მე-16 პარაგრაფი).
🔷️ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის გაგებით „საკუთრების“ განსაზღვრის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვაზე და, ამასთანავე, იმ საკითხზე იმსჯელა თუ რამდენად გამართლებული იყო ეს შეზღუდვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ გარაჟის დემონტაჟით სახელმწიფომ ნამდვილად შეზღუდა მოსარჩელის საკუთრების უფლება და ამ შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს სამშენებლო რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენდა (მე-17 პარაგრაფი).
🔷️ შემდეგ ეტაპზე სასამართლომ „სამართლიანი ბალანსის“ საკითხზე იმსჯელა. კერძოდ, სასამართლომ განიხილა დაცული იქნა თუ არა „სამართლიანი ბალანსი“ მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის კერძო ინტერესსა და სამშენებლო რეგულაციების დაცვის საჯარო ინტერესს შორის. ამ თვალსაზრისით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გარაჟის დემონტაჟის შესახებ აქტის კანონიერების განხილვის დროს, ეროვნულმა სასამართლოებმა დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება გამართლებულად იმ არგუმენტით მიიჩნიეს, რომ გარაჟი საზოგადოებრივი საკუთრების მიწაზე და ამავე დროს ნებართვის გარეშე იყო აშენებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით ამ საჯარო ინტერესის მქონე გარემოებებზე დაყრდნობით ნამდვილად შესაძლებელი იყო მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის კერძო ინტერესი გადაწონილიყო (მე-18 პარაგრაფი).
🔷️ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მოსარჩელის მიერ ეროვნულ სასამართლოებში დაყენებულ იმ არგუმენტზეც გაამახვილა, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ არ შეიძლებოდა ამ შეთხვევაში მისი გარაჟის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულიყო, ვინაიდან მან გარაჟი კეთილსინდისიერად შეიძინა, მას გარაჟი კანონდარღვევით თავად არ აუშენებია და აღნიშნული გარაჟის უკანონო აშენებისთვისაც დაჯარიმებული არასდროს ყოფილა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ეს არგუმენტები ამ შემთხვევაში უსაფუძვლო იყო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ არგუმენტების გაზიარების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებული გახდებოდა უკანონო მშენებლობების თმენის ვალდებულება დაჰკისრებოდა ყველა იმ შემთხვევაში, თუკი პირი უკანონოდ აშენებულ შენობას კეთილსინდისიერად შეიძენდა, რაც გაუმართლებელია (მე-19 პარაგრაფი).
🔷️ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების მსჯელობას იმის შესახებ, რომ გარაჟის ფლობასთან დაკავშირებული გადასახადების 20 წლის განმავლობაში გადახდის ფაქტიც ამ შემთხვევაში არარელევანტური იყო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გადასახადების გადახდის ფაქტს არ შეეძლო მოსარჩელისთვის გაეჩინა იმის მოლოდინი, რომ გარაჟის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა მიღებულიყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც გარაჟი აშენდა, საზოგადოებრივი საკუთრება იყო და რაც ყველაზე მთავარია - გარაჟის აშენების შესახებ ნებართვაც არასდროს გაცემული არ ყოფილა (მე-20 პარაგრაფი).
🔷️ რაც შეეხება მოსარჩელისთვის სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის არგადახდას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელისთვის კომპენსაციის არგადახდა არ შეიძლება მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის არაპროპორციულ საშუალებად ჩაითვალილიყო იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში გარაჟი საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენდა, ამასთანავე, გარაჟის აშენების შესახებ ნებართვა გაცემული არ ყოფილა (21-ე პარაგრაფი).
🔷️ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში გარაჟის დემონტაჟით მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დარღვეულა. შესაბამისად, სასამართლომ აშკარა დაუსაბუთებლობის მოტივით სარჩელი დაუშვებლად ცნო (22-ე და 23-ე პარაგრაფები).